რუსი სენატორი, რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი ბათუმის ნავსადგურში რუსეთიდან შემოსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ გამართულ აქციებს გამოეხმაურა და თქვა, რომ „სააკაშვილის პარტიის აქტივისტები არ წყნარდებიან“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 4 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 5 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 6 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
„სიძულვილის ბაცილა, რომელიც მათ რუსეთისა და რუსების მიმართ დანერგეს, ცოცხალია. ზოგჯერ გაქრობის პირასაა, შემდეგ კი თავიდან ჩნდება. საინტერესოა, რას მიაღწიეს მყვირალა-სააკაშვილებმა ბათუმში ჩვენივე ლაინერით ჩასული ჩვენი ტურისტების წინააღმდეგ დემონსტრაციით? ვის უშლის ხელს რუსეთთან მშვიდი ურთიერთობები? პასუხი ნათელია, მაგრამ მაინც...“, - განაცხადა კარასინმა.
კარასინის ეს გამოხმაურება თანხვედრაშია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებასთან. მმართველი პარტიის ლიდერმა ბათუმში გუშინ განვითარებული მოვლენები „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ პროვოკაციად შეაფასა.
„განხორციელდა მარტივი პროვოკაცია „ნაცმოძრაობის“ სტილში. მთელი საქართველოდან ჩაიყვანეს ხალხი ბათუმში და 150 კაცი ძლივს მოაგროვეს. არ ვიცი, ერთი-ორი კაცი შეიძლება იყოს სხვა, მაგრამ 150 კაცი ძლივს მოაგროვეს მთელი საქართველოდან ჩაყვანილი. ეს იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ამაში შედის პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, გახარიას პარტია, „ევროპული საქართველო“ - ისინი იდგნენ იქ. მთელი საქართველოდან ამდენმა პარტიამ 150 კაცი ძლივს მოაგროვა. ასევე ნახეთ გუშინდელი აქცია თბილისში, ძლივს მოაგროვეს რამდენიმე ათეული ადამიანი. რატომ? იმიტომ, რომ საზოგადოება ხედავს და აფასებს ყველაფერს. საზოგადოებას აქვს რაციონალური მსჯელობის შესაძლებლობა, საშუალება, უნარი და ამის გამოა, რომ ვერავინ მიიყვანეს იქ საკუთარი აქტივის გარდა, აქტივიც კი ვერ მიიყვანეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სოჭის პორტიდან გამოსული საკრუიზო გემი Astoria Grande, რომლითაც რუსეთის მოქალაქეები მოგზაურობენ, ბათუმის პორტში 31 ივლისს, გამთენიისას შემოვიდა. ერთი კვირის განმავლობაში, ეს გემის მეორე ვიზიტი იყო, რასაც მოქალაქეები საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშებით, ასევე, წარწერებით „რუსეთი ოკუპანტია“ დახვდნენ. აქციაში არა მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, არამედ სამოქალაქო საზოგადოების წევრები და აქტივისტები მონაწილეობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პორტში საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, ასევე სპეცრაზმის თანამშრომლების მობილიზება მოახდინა, გემამდე მისასვლელები კი რკინის ჯებირებით გადაკეტა.
დღის განმავლობაში, შსს-ს თანამშრომლებმა ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საბაბით საპროტესტო აქციის 23 მონაწილე დააკავეს, მათ შორის, ერთ-ერთი უკრაინის მოქალაქეა. რუსი ტურისტების ნაწილმა ბათუმის დასათვალიერებლად გემიდან ჩამოსვლა პოლიციის დახმარებით შეძლო.
საკრუიზო გემმა ბათუმის პორტი დღის ბოლოს, დაგეგმილზე რამდენიმე საათით ადრე დატოვა და თურქეთისკენ წავიდა. კრუიზის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აგვისტოსა და მომდევნო თვეებში დაგეგმილი ანალოგიური მოგზაურობა ბათუმში გაჩერებას აღარ ითვალისწინებს. პროგრამაში ცვლილება სავარაუდოდ ბათუმში გამართული აქციების შემდეგ შევიდა.
![საქართველოს ამბები](/images/a2.png#joomlaImage://local-images/a2.png?width=80&height=80)