„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ პროვოკაციად შეაფასა ბათუმში რუსეთიდან წამოსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ გამართული აქცია. დღევანდელ პრესკონფერენციაზე კობახიძემ თქვა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთელი საქართველოდან სულ 150 ადამიანს მოუყარა თავი, რაც „აჩვენებს იმას, რომ საზოგადოება არის საღ აზრზე“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„განხორციელდა მარტივი პროვოკაცია „ნაცმოძრაობის“ სტილში. მთელი საქართველოდან ჩაიყვანეს ხალხი ბათუმში და 150 კაცი ძლივს მოაგროვეს. არ ვიცი, ერთი-ორი კაცი შეიძლება იყოს სხვა, მაგრამ 150 კაცი ძლივს მოაგროვეს მთელი საქართველოდან ჩაყვანილი. ეს იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ამაში შედის პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, გახარიას პარტია, „ევროპული საქართველო“ - ისინი იდგნენ იქ. მთელი საქართველოდან ამდენმა პარტიამ 150 კაცი ძლივს მოაგროვა. ასევე ნახეთ გუშინდელი აქცია თბილისში, ძლივს მოაგროვეს რამდენიმე ათეული ადამიანი. რატომ? იმიტომ, რომ საზოგადოება ხედავს და აფასებს ყველაფერს. საზოგადოებას აქვს რაციონალური მსჯელობის შესაძლებლობა, საშუალება, უნარი და ამის გამოა, რომ ვერავინ მიიყვანეს იქ საკუთარი აქტივის გარდა, აქტივიც კი ვერ მიიყვანეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ყოველი საკრუიზო გემიდან სახელმწიფოს შემოსავალი 350 ათასი ლარია, საიდანაც დაახლოებით 100 ათასს შეადგენს ტურისტების დანახარჯები და დაახლოებით 250 ათასს - გემის მიერ პორტის მომსახურებისთვის გადახდილი თანხა.
„ტურისტები საქართველოში ჩამოვიდნენ ერთი დღით, ქალაქ ბათუმის მოსანახულებლად. ვერავინ ახსნის, რა განსხვავებაა საქართველოში მანქანით და გემით შემოსულ რუს ტურისტებს შორის და შესაბამისად, რა ლოგიკური ახსნა ჰქონდა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ გუშინდელი აქციის მოწყობას...
ასევე, იხილეთ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსი ტურისტები საერთოდ არ უნდა შემოვიდნენო. მე არ ვიცი, ვინმე ეთანხმებით ამას? დარწმუნებული ვარ, არავინ ეთანხმებით. მაგალითად, რუსი ტურისტები რომ არ შემოვიდნენ საქართველოში, წლის განმავლობაში ქვეყანა დაახლოებით მილიარდ დოლარს დაკარგავს მაშინ, როდესაც ჩვენი ეკონომიკა დაახლოებით 30 მილიარდი დოლარია. ეს იმას ნიშნავს, რომ დაიკარგება 20-30 ათასი სამუშაო ადგილი“, - აღნიშნა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „ქართველებისგან არავინ უნდა მოელოდეს იმას, რომ ისინი მიესალმებიან ადამიანებს იმ ქვეყნიდან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებულო“. კობახიძის თქმით, ეს განცხადება „გაუგებარია“.
„რბილად რომ ვთქვათ, ეს გაუგებარი განცხადება იყო. ასე არავინ ფიქრობს. რაც თქვა კელი დეგნანმა ასე არ ფიქრობენ საქართველოში საზოგადოების წარმომადგენლები, რომ არცერთი რუსი არ უნდა შემოვიდეს საქართველოში. საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა სხვა აზრზეა და როდესაც მარტივად ამბობ ისეთ ფრაზებს, რაც უკავშირდება ქვეყნის მიერ მილიარდი დოლარის დაკარგვას, არ ვიცი აქ რა შეფასება უნდა გავაკეთო. ქართველი ხალხის სახელით საუბარი არ არის არცერთი ელჩის საქმე, მით უმეტეს, როდესაც აფასებ 150 „ნაციონალის“ აქციას და ამას არქმევ ქართველი ხალხის პროტესტს. ეს ხომ გაუგებარია. იგივე თქვა სალომე ზურაბიშვილმა და იგივე თქვა ერთ-ერთმა ელჩმა. ეს უბრალოდ არასწორია“, - თქვა კობახიძემ.
სოჭის პორტიდან გამოსული საკრუიზო გემი Astoria Grande, რომლითაც რუსეთის მოქალაქეები მოგზაურობენ, ბათუმის პორტში 31 ივლისს, გამთენიისას შემოვიდა. ერთი კვირის განმავლობაში, ეს გემის მეორე ვიზიტი იყო, რასაც მოქალაქეები საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშებით, ასევე, წარწერებით „რუსეთი ოკუპანტია“ დახვდნენ. აქციაში არა მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, არამედ სამოქალაქო საზოგადოების წევრები და აქტივისტები მონაწილეობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პორტში საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, ასევე სპეცრაზმის თანამშრომლების მობილიზება მოახდინა, გემამდე მისასვლელები კი რკინის ჯებირებით გადაკეტა.
დღის განმავლობაში, შსს-ს თანამშრომლებმა ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საბაბით საპროტესტო აქციის 23 მონაწილე დააკავეს, მათ შორის, ერთ-ერთი უკრაინის მოქალაქეა. რუსი ტურისტების ნაწილმა ბათუმის დასათვალიერებლად გემიდან ჩამოსვლა პოლიციის დახმარებით შეძლო.
საკრუიზო გემმა ბათუმის პორტი დღის ბოლოს, დაგეგმილზე რამდენიმე საათით ადრე დატოვა და თურქეთისკენ წავიდა. გემი სოჭში 5 აგვისტოს დაბრუნდება.
Astoria Grande-ს კრუიზში ბათუმი წელს პირველად დაამატეს. მანამდე პროგრამაში თურქეთის ქალაქების - ტრაპიზონის, ამასრასა და სტამბოლის მონახულება შედიოდა. ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აგვისტოსა და მომდევნო თვეებში დაგეგმილი ანალოგიური მოგზაურობა ბათუმში გაჩერებას აღარ ითვალისწინებს. პროგრამაში ცვლილება სავარაუდოდ ბათუმში გამართული აქციების შემდეგ შევიდა.