„რუსები, რომლებიც საქართველოში არიან შემოსულები, დიდი უბედურება და საფრთხეა. რუსების უმეტესობის მენტალური გამოსწორება შეუძლებელია. ეს ხალხი არის მომეტებული საფრთხის წყარო საქართველოსთვის. მათ მინდა ვუთხრა, როგორც კი ხელისუფლება გამოიცვლება, რუსებს უნდა მიეცეთ ერთი წელი ვადა, რომ გაყიდონ საკუთარი ბინები და ეს ბინები, სახელმწიფოს დახმარებით, უნდა აყიდინონ უცხოეთში მყოფ ქართველებს, ეს უნდა იყოს სახელმწიფო პროგრამა“, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 27 ოქტომბერს სასამართლო სხდომაზე ჩართვისას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 4 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
- 5 აქციაზე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა
- 6 17 მოსამართლე: საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს
მისივე თქმით, საქართველოში ჩამოსული რუსები დღეს აკეთებენ ბიზნესს, სადაც ისევ რუსები არიან დასაქმებული და მომავალში მსგავსი მიდგომა უნდა შეიცვალოს.
„ამ მდგომარეობაში, როცა რუსეთი ოკუპანტია, შეუძლებელია, ეს არ განიხილებოდეს ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხედ. თან როგორი რუსები არიან ესენი? თავის ბიზნესებს იკეთებენ, თავის დახურულ წრეს, თავისი რესტორნები, სასტუმრო ბიზნესი აქვთ, თავისი სამშენებლო კომპანიები და პრაქტიკულად, ქართველები გარიყულები არიან ამ ბიზნესიდან. ეს განსაკუთრებით ეხება რუსებს, მაგრამ ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან ფულის ჩადების დროს, დასაქმებულის, მინიმუმ, 90% აუცილებლად საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
„ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება, ჩვენ სამადლოდ შევყურებთ უკრაინელებს როდის მოიგებენ ომს. გული გვისკდება, რომ ახალი ომი არ წარმოიქმნას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. რუსეთი მუშტრის თვალით გვიყურებს და პრაქტიკულად, გარანტირებულად აქვს საქართველოს ხელში ჩაგდება. ასეთი სუსტი და დაუცველი საქართველო არასდროს ყოფილა და ჩამოკიდებულები ვართ იმაზე, რომ რუსეთმა ჩვენთვის არ მოიცალოს, სანამ დაკავებულია უკრაინაში, სადაც აუცილებლად დამარცხდება. ეს იმპერია აუცილებლად დაიშლება, აფხაზეთი აუცილებლად დაბრუნდება, სამაჩაბლოზე აღარ ვსაუბრობ. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული და ამას გავაკეთებთ ყველა ერთად“, - თქვა სააკაშვილმა.
მესამე პრეზიდენტი საქართველოდან ახალგაზრდების მასობრივ მიგრაციასაც გამოეხმაურა.
„კარგად ვიცით, რომ ყველას საქართველოდან გაქცევაზე აქვს თვალი. ახალგაზრდები იმისთვის სწავლობენ, რომ დიპლომი აიღონ და გაიქცნენ, ბუნებრივია, რომ ეს ასეა. არანაირი პერსპექტივის განცდა არ არის აქ. მე მრცხვენია იმ ხალხის წინაშე, რომელიც 2009-2010-2011-2012 წელს ჩამოვიდა იმედით, სააკაშვილის დაძახებით, ახალ საქართველოში ცხოვრების იმედით და გაუბედურებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ყველაზე მეტად ის ხალხი მეცოდება, ვინც ოჯახებით არის წასული. მე არ შემეძლო ამის გვერდიდან ყურება. როდესაც მეკითხებიან, რატომ ჩავიგდე თავი საფრთხეში, თავი იმიტომ ჩავიგდე საფრთხეში, რომ ამის გვერდიდან ყურება, ამ უბედურების გადატანა შორიდან, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად ყოფილიყო, არ შემეძლო. იქ ვარ, სადაც დღეს ვარ. მინდა, ეს სასოწარკვეთის განცდა გადავზარდოთ ბრძოლის და წინსვლის, ერთიანობის განცდაში.
რადგან ხალხი არ უნდა გადიოდეს, ე.ი აქ უნდა შევთავაზოთ რაღაც და იმისთვის, რომ აქ რაღაც შევთავაზოთ, ეს სიტუაცია ფუნდამენტურად უნდა შეიცვალოს. იმიტომ რომ ეს სიტუაცია გათვლილია სულ მინუსზე, დაცლაზე, გაუბედურებასა და დასუსტებაზე. ჩვენი საქართველო, ჩემი წარმოდგენილი საქართველო არის ძლიერი ძლიერ უკრაინასთან ერთად“, - აღნიშნა სააკაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე გაიმართა. პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. ყოფილ პრეზიდენტს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა. სააკაშვილი სასამართლო სხდომაში სამედიცინო კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად მონაწილეობდა.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, თბილისში, 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს. ის დამნაშავედ ცნობილია და ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შეწყალების საქმეებზე. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია საზღვრის უკანონო კვეთის, ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე. მესამე პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ პოლიტიკურად იდევნება.