რუსეთში „აგენტებად“ გამოცხადებულ აფხაზ ჟურნალისტებს მოუწოდებენ, სასამართლოს მიმართონ

რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ „უცხოეთის აგენტების რეესტრში კიდევ ორი აფხაზი ჟურნალისტი - „ნუჟნაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი იზიდა ჭანია და სააგენტო „აიაშარას“ მთავარი რედაქტორი ნიზფა არშბა შეიყვანა. უწყების განცხადებით, ჟურნალისტები ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებებისა და გატარებული პოლიტიკის, ასევე საარჩევნო სისტემის შესახებ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

იუსტიციის სამინისტროს ვერსიით, იზიდა ჭანიამ მონაწილეობა მიიღო უცხოური აგენტების მესიჯებისა და მასალების გავრცელებაში, თანამშრომლობს ქსელურ რესურსთან, რომელიც ასოცირდება ორგანიზაციასთან, რომლის საქმიანობა არასასურველად არის აღიარებული რუსეთის ტერიტორიაზე.

„ნუჟნაია გაზეტამ“ განაცხადა, რომ „აფხაზეთში დამოუკიდებელი მედიის ყველა ხელმძღვანელი უცხოეთის აგენტად არის გამოცხადებული“.

პირველი აფხაზი ჟურნალისტი, ვინც 7 მარტს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უცხოეთის აგენტების რეესტრში შეიყვანა, გაზეთ „ჩეგემსკაია პრავდას“ დამფუძნებელი ინალ ხაშიგია. მასაც რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და გატარებულ პოლიტიკაზე, ისევე როგორც საარჩევნო სისტემაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ედავებიან. გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ინალ ხაშიგი „ურთიერთობდა უცხოურ პოლიტიკურ მოღვაწეებთან“.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ჟურნალისტების დევნას არ გამოხმაურებია.

„აფხაზეთის ჟურნალისტთა კავშირის“ თავმჯდომარემ, რუსლან ხაშიგმა „უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადებულ ჟურნალისტებს მოუწოდა, გადაწყვეტილება რუსეთის სასამართლოებში გაასაჩივრონ. რუსლან ხაშიგის თქმით, ისინი პროფესიულ საქმიანობას „მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შესახებ“ აფხაზეთის რესპუბლიკის 2004 წლის კანონის შესაბამისად ახორციელებენ“.

„მათი ჟურნალისტური საქმიანობის ძირითადი თემებია რესპუბლიკის სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრება“, – განაცხადა ხაშიგმა.

„აფხაზეთის ჟურნალისტთა კავშირი“ აზრს ვერ ხედავს, მიმართოს „ქვეყნის სამთავრობო ორგანოებსა და თანამდებობის პირებს საკუთარი მოქალაქეების დასაცავად მოქმედების მოთხოვნით“.

„გასულმა დრომ აჩვენა, რომ აფხაზეთის ხელისუფლებისგან ასეთი ნაბიჯების მოლოდინი უპერსპექტივოა. ამის გამო, მივმართავ ჩემს კოლეგებს თხოვნით, რუსეთის ფედერაციის სასამართლოებში გაასაჩივრონ უცხოეთის აგენტის სტატუსი. რა თქმა უნდა, მე კარგად ვაცნობიერებ პროცესის სირთულეს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უცხოეთის აგენტის სტატუსის გასაჩივრება ერთდროულად არის საკუთარი უფლებების დაცვა და სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლა“, – მიმართა რუსლან ხაშიგმა ჟურნალისტებს და „აფხაზეთის ჟურნალისტთა კავშირის“ სახელით დახმარებას დაჰპირდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.