რუსეთში, შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელად მამუკა მერკვილაძე დაინიშნა. მან შეცვალა გიორგი ქაჯაია, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი გახდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩები არ მიიწვია
- 4 ასლან ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია დატოვა
- 5 შევეცდებით ხარვეზი აღმოვფხვრათ - მდინარაძე პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებაზე
- 6 დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში - ზურაბიშვილი
მამუკა მერკვილაძე რუსეთში ქართული დიასპორების ვიცე-პრეზიდენტია. 2021 წლის ოქტომბერში ის მონაწილეობდა მოსკოვში, რუსეთში ქართული დიასპორის ასოციაციების ხელმძღვანელების შეხვედრაში,სადაც მიიღეს გადაწყვეტილება რუსეთის და საქართველოს მთავრობებისთვის გაეგზავნათ მიმართვა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის თაობაზე.
მამუკა მერკვილაძის მეუღლე თამრიკო დუდუნია, ქართული წარმოშობის რუსი მომღერალია. 2019 წელს ის ვოკალური კონკურსის „ახალი ვარსკვლავის“ გამარჯვებული გახდა. კონკურსი 2015 წლიდან რუსეთის თავდაცვის მინისტრის, გენერალ სერგეი შოიგუს ინიციატივით იმართება. თამრიკო დუდუნია, რომელიც კონკურსში სმოლენსკის ოლქს წარმოადგენდა, სწორედ შოიგუმ დააჯილდოვა.
მამუკა მერკვილაძეს ეკუთვნის 35% წილი შპს „კანიონი 350“-ში, რომელსაც 2022 წლის ნოემბერში, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტომ მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბალდის კანიონის მნიშვნელოვანი ნაწილი, 24 130 კვადრატული მეტრი, 40 წლით, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გადასცა. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა, თვეებია პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგება და მის გაუქმებას ითხოვს.
მერკვილაძე ასევე არის ქართულ-ყაზახური ერთობლივი საწარმოს, Poti Transterminal-ის თანადამფუძნებელი. ყაზახურ კომპანია PTC Holding LLP-სა და ქართველ პარტნიორებს შორის შეთანხმება, რომელიც ქალაქ ფოთში მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობის პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს, 2023 წლის ივნისში გაფორმდა.
მამუკა მერკვილაძე იყო „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილი კომპანიის „GR Logistics & Terminals“-ის დირექტორი, რომელმაც 800-მდე ვაგონი, აუქციონის გარეშე, კაბალური სახელშეკრულებო პირობებით, რუსულ კომპანიას გადასცა.
„ბატონი მერკვილაძე ძალიან გამოცდილი ადამიანია და ჩვენ დარწმუებული ვართ, რომ მისი ძალისხმევით, ის, ასევ ვთქვათ, შეასრულებს იმ უფლება-მოვალეობებს, რომელიც მას აკისრია და დარწმუნებული ვარ, რომ მისი გამოცდილება ამაში მას დაეხმარება. არ ვიცი, რა ფაქტებზე საუბრობთ. ეს თქვენი შეფასებებია, თქვენი ინტერპრეტაციებია. რა ბიოგრაფიაზე საუბრობთ? არ ვიცი, ეს თქვენი შეფასებაა, მე არ შემოგყვებით ამ შეფასებაში“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მამუკა მერკვილაძის რუსულ კავშირებთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე.
შეკითხვას, თუ რამდენად სწორი კანდიდატი იქნა შერჩეული საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმაც უპასუხა. ზურაბ აბაშიძის თქმით, ის მამუკა მერკვილაძეს პირადად არ იცნობს.
„საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა დიპლომატიურ მისიებში ხელმძღვანელების შერჩევა. იმედი მაქვს, რომ ის [მამუკა მერკვილაძე] წარმატებით შეასრულებს იმ ფუნქციებს, რაც მას ევალება“,- აღნიშნა აბაშიძემ.
რუსეთში ქართული დიასპორის ინფორმაციით, მამუკა მერკვილაძე უკვე მოსკოვშია.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია. ეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ 2008 წლის 2 სექტემბერს მიიღო - აგვისტოში რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის ე.წ. აღიარების შემდეგ. საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების, ხოლო რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექცია 2009 წლის მარტიდან მუშაობს.