რუსეთში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეზე 8 ბრალდებულს

დონის როსტოვის სამხედრო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და 2022 წლის ოქტომბერში ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეზე ბრალდებულებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. დანაშაული რვა ბრალდებულიდან არცერთმა არ აღიარა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

რომან სოლომკოს, ვლადიმერ ზლობს, გეორგი აზატიანს, არტემ აზატიანს, ალექსანდრ ბილინს, ოლეგ ანტიპოვს, არტურ ტერჩანიანსა და დმიტრი ტიაჟელიხს ბრალად წარდგენილი ჰქონდათ ტერორისტული აქტის ჩადენა და იარაღის ან ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ გადაზიდვა. სოლომკოს და ტერჩანიანს ასაფეთქებელი მოწყობილობების კონტრაბანდასაც ედავებოდნენ.

8 ოქტომბერს, გამთენიისას, რუსეთისა და ანექსირებული ყირიმის დამაკავშირებელ ხიდზე ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 19 კილომეტრიანი კონსტრუქციის ნაწილი ჩამოინგრა, საავტომობილო და სარკინიგზო მოძრაობა კი შეჩერდა. რუსეთის ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტში განაცხადეს, რომ ხიდზე სატვირთო მანქანა აფეთქდა, რის შემდეგაც ცეცხლი საწვავის ავზებით დატვირთულ მატარებელს გაუჩნდა.

აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის აფეთქებული სატვირთო მანქანის მძღოლი, მახირ იუსუბოვი.

მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთის უსაფრთხოების ძალებმა რვა ადამიანი დააკავეს. გამომძიებლების თქმით, ყველა მათგანი შედიოდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვასილ მალიუკის მიერ შექმნილ ორგანიზებულ ჯგუფში, რომლის მიზანიც ტერორისტული თავდასხმის განხორციელება იყო.

გამოძიების მტკიცებით, სატვირთო მანქანაში ასაფეთქებელი ნივთიერებები პლასტმასის ფირის შეფუთვებში იყო დამალული. რუსეთში შესვლამდე სატვირთო საქართველოში იმყოფებოდა.

რვავე ბრალდებული ამტკიცებდა, რომ ტვირთის შესახებ არაფერი იცოდნენ და მხოლოდ თავიანთ ჩვეულ საქმეს აკეთებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ არცერთმა ბრალდებულმა არ აღიარა დანაშაული, პროკურატურა ამტკიცებდა, რომ მათ არ შეიძლებოდა არ სცოდნოდათ, რომ სატვირთო მანქანაში ასაფეთქებელი ნივთიერებები იყო. ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ეს დასკვნა საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობდა და საქმეში მისი დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ იდო.

სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში ჩატარდა. გამოცემა Mediazona-ს ცნობით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა, ოლეგ ანტიპოვმა, განაჩენის გამოცხადების შემდეგ დამსწრეებს მიმართა:

„ყველამ ჩავაბარეთ პოლიგრაფიული ტესტი - რვავე ჩვენგანმა. ყველამ დავამტკიცეთ ჩვენი უდანაშაულობა. გამოძიებასთან სრულად ვითანამშრომლეთ, თავად მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს და მივეცით ჩვენება. არცერთ ადამიანს არ მიუცია ჩვენება ჩვენს წინააღმდეგ. ყველა მოწმე ამბობს, რომ უდანაშაულოები ვართ. ყველა მტკიცებულება ამბობს, რომ უდანაშაულოები ვართ. უთხარით ხლხს სიმართლე. ჩვენ უდანაშაულოები ვართ!“

უკრაინულ მხარეს არ უარყვია, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქება მათი სპეცოპერაციის შედეგი იყო. 2023 წელს მიცემულ ინტერვიუში, ვასილ მალიუკი ამბობდა, რომ დაკავებულები „ჩვეულებრივი რუსი კონტრაბანდისტები“ იყვნენ, რომლებიც „ყოველდღიურ საქმიანობას ეწეოდნენ“. მალიუკის თქმით, სპეცოპერაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სამმა ოფიცერმა შეიმუშავეს, ხოლო დანარჩენი ადამიანები „ბრმად გამოიყენეს“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.