რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის ალექსანდრ ბასტრიკინის განცხადებით, სატვირთო ავტომობილი, რომელიც ყირიმის ხიდზე აფეთქდა, საქართველოშიც იმყოფებოდა. ამის შესახებ ბასტრიკინმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას თქვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ყირიმის ხიდზე 8 ოქტომბერს მომხდარ აფეთქებას ტერორიზმის მუხლით იძიებს. ბასტრიკინის თქმით, „ტერაქტი“ უკრაინის სპეცსამსახურებმა მოამზადეს და მიზანი რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი „სამოქალაქო“ ინფრასტრუქტურული ობიექტის განადგურება იყო. როგორც მან აღნიშნა, უკრაინულ სპეცსამსახურებს „ტერაქტის“ მომზადებაში რუსეთის და უცხო ქვეყნების მოქალაქეები ეხმარებოდნენ.
„ჩვენს მიერ დადგენილია იმ სატვირთო მანქანის მარშრუტი, სადაც აფეთქება მოხდა. ეს არის ბულგარეთი, საქართველო, სომხეთი, ჩრდილოეთ ოსეთი, კრასნოდარის მხარე. გარდა ამისა, იდენტიფიცირებული არიან გადამყვანები - პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ სატვირთო მანქანის გადაადგილების ორგანიზებაში.
ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების დახმარებით შესაძლებელი გახდა იმ ეჭვმიტანილების იდენტიფიცირება, ვისაც შეეძლო ტერორისტული თავდასხმის მომზადება და ადამიანების, რომლებიც მოქმედებენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ბასტრიკინმა.
8 ოქტომბერს, გამთენიისას, რუსეთისა და ანექსირებული ყირიმის დამაკავშირებელ ხიდზე ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 19 კილომეტრიანი კონსტრუქციის ნაწილი ჩამოინგრა, საავტომობილო და სარკინიგზო მოძრაობა კი შეჩერდა. რუსეთის ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტში განაცხადეს, რომ ხიდზე სატვირთო მანქანა აფეთქდა, რის შემდეგაც ცეცხლი საწვავის ავზებით დატვირთულ მატარებელს გაუჩნდა. აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
უკრაინულმა მედიასაშუალებებმა სამართალდამცავ უწყებებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ აფეთქება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოპერაციის შედეგი იყო. სამსახურს ამ საკითხზე კომენტარს არ გაუკეთებია, თუმცა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ Twitter-ზე დაწერა: „რუსული ძალაუფლების ორი სიმბოლო - სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ და ქერჩის ხიდი - უკრაინის ყირიმში ჩაიძირა. რა იქნება რიგში შემდეგი, რუსებო?“.
„ყველაფერი, რაც უკანონოა, უნდა განადგურდეს. ყველაფერი, რაც მოპარულია, უკრაინას უნდა დაუბრუნდეს. ყველაფერი რუსული, საოკუპაციო უნდა განიდევნოს“, - განაცხადა აფეთქებიდან მალევე მიხაილო პოდოლიაკმა, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა.
დღის ბოლოს ყირიმის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც ისაუბრა. მისი თქმით, 8 ოქტომბერს უკრაინის ტერიტორიაზე ძირითადად მზიანი დღე იყო, თუმცა ყირიმში ღრუბლიანობა შეიმჩნეოდა: „მაგრამ როგორი ღრუბელიც არ უნდა იყოს, უკრაინელებმა იციან, რა გააკეთონ და იციან, რომ ჩვენი მომავალი მზიანია. ეს არის მომავალი ოკუპანტების გარეშე, ჩვენს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, ყირიმშიც“.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე რუსეთის პასუხი მხოლოდ „ტერორისტების განადგურება“ უნდა იყოს.
რუსეთმა ქერჩის სრუტეზე გამავალი ორი პარალელური ხიდის მშენებლობა 2016 წელს, ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიიდან ორ წელში დაიწყო. საავტომობილო ნაწილი 2018 წლის 15 მაისს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გახსნა და იმ დღეს „ისტორიული“ უწოდა. 2019 წლის 23 დეკემბერს ექსპლუატაციაში რკინიგზა შევიდა. 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთი ამ ხიდს უკრაინის სამხრეთით საკუთარი ჯარების მომარაგებისთვის იყენებს.
უკრაინის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ხიდი უკანონო კონსტრუქციაა. ევროკავშირი ხიდის მშენებლობას აფასებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგ დარღვევად, რისი მიზანიც რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებული ყირიმის უკრაინისგან იზოლირებაა.
