პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის წარდგენისას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მმართველი პარტიის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზეც ისაუბრა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
მისი თქმით, ხელისუფლების „უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანაა“ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა.
„ბუნებრივია, არ მოგვწონს ურთიერთობების ის მდგომარეობა, რომელიც გვაქვს დღეს. ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი იდგმება იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალ წელს, მას შემდეგ, რაც დასრულდება უკრაინაში ომი, შემხვედრი ნაბიჯებიც იქნება გადადგმული, რაც უზრუნველყოფს ურთიერთობების გადატვირთვას, როგორც აშშ-ის, ისე ევროკავშირის მიმართულებით“, - განაცხადა კობახიძემ.
ევროინტეგრაცია და ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავება ქვეყნის უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს შორისაა. პრემიერ-მინისტრმა კვლავ გაიმეორა, რომ 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
„უკვე 2028 წლისთვის ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ 90%-ს გადააჭარბებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებამ და DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების 90% იქნება უკვე შესრულებული უკვე 2028 წლისთვის, რაც დამატებით შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას. ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავება არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.
ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. აქ გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი. შარშან მოეწერა ხელი შესაბამის შეთანხმებას და გვაქვს კონკრეტული ინიციატივები, რომელიც არის განხორციელების პროცესში და მადლობა ჩინელ პარტნიორებს ამ მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა კობახიძემ.
ასევე, პრემიერის თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რომ საქართველომ აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს.
„რაც შეეხება სამეზობლო პოლიტიკას, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან გვაქვს არაჩვეულებრივი, კეთილმეზობლური ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობა. მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები გავაღრმაოთ. ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად უწყობს ხელს მშვიდობას ჩვენს რეგიონში და ეს იქნება ჩვენი მიდგომა შემდეგი წლების განმავლობაშიც.
არაღიარების პოლიტიკა მთელი ამ წლების განმავლობაში იყო ძალიან წარმატებული. 2012 წლისთვის ოთხი სახელმწიფოს ჰქონდა აღიარებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა და ეს ოთხი სახელმწიფო დარჩა ოთხ სახელმწიფოდ, რაც არის მთლიანად ხელისუფლების, კონკრეტულად საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგი. დიდი მადლობა სამინისტროს და პირადად მინისტრს ილია დარჩიაშვილს მათი საქმიანობისთვის. პრაგმატული პოლიტიკა და რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძემ 7 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. მას არ ესწრებოდნენ პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი. თავდაპირველად პრეზენტაცია 1-ელ ოქტომბერს იყო დაგეგმილი, თუმცა, როგორც კობახიძემ განმარტა, კოვიდი დაუდასტურდა და ამ მიზეზით გადაიდო.