რუსი სენატორი „ოცნებაზე“: ევროპარლამენტის რეზოლუციებს დასცინიან და სწორადაც იქცევიან

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

რუსი სენატორი, ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებას გამოეხმაურა და ევროპარლამენტის რეზოლუციების მიმართ პარტიის დამოკიდებულება მოიწონა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

პუშკოვის თქმით, ევროპარლამენტი, ისევე როგორც თავის დროზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, დიდი ხანია რეალობას მოწყდა და დემაგოგთა თავყრილობად გადაიქცა.

„უმრავლესობას, რომელიც სხვადასხვა სახელის მქონე პარტიების ლიბერალებისგან შედეგა, თუმცა ერთ ძალას - „კოლექტიურ სოროსს“ წარმოადგენენ, რატომღაც ჰგონია, რომ მსოფლიოს მართავს. მათ არაფრით ესმით, რომ სულ უფრო და უფრო იქცევიან იმ ეპოქის გადმონაშთებად, როდესაც ევროკავშირი ცხენზე იყო ამხედრებული. თუმცა ცხენი, რომელზეც ევროკავშირი იჯდა, მოკვდა. დასუსტებული და ლიბერალური პოლიტიკით სულ უფრო ძირგამოთხრილი, ევროკავშირი უკვე დიდი ხანია აღარაა ის, რაც ადრე იყო, ხოლო

ევროპარლამენტის რეზოლუციები სულ უფრო უაზრო და ისტერიულია. საქართველოში მათ უბრალოდ დასცინიან და სწორადაც იქცევიან“, - თქვა პუშკოვმა.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გუშინდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ევროკავშირის ბიუროკრატიის ღირებულებითი მდგომარეობა დღეს უმძიმესია“, რაც, პარტიის შეფასებით, ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციებით „ყველაზე კარგად გამოიხატა“.

„ბოლო, მეხუთე რეზოლუციით ევროპარლამენტმა მოითხოვა ის, რის საჯაროდ მოთხოვნასაც სერიოზულ მოთამაშეთაგან მანამდე ვერავინ ბედავდა – რუსეთისთვის სანქციების დაწესება და ქართული ეკონომიკის ჩამოშლა. ამ ტენდენციის გათვალისწინებით, ევროპარლამენტი მეექვსე რეზოლუციაში, მაღალი ალბათობით, რუსეთთან ომის დაწყებასაც ღიად მოგვთხოვს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

კონსპირაციულ ტექსტში „ქართული ოცნება“ ევროპაში „დიფ სთეითის“ მეტასტაზების არსებობასაც ახსენებს და ციტირებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, რომ ბრიუსელი ჯორჯ სოროსის „ხელშია“.

„ბუნებრივია, სოროსში არა კონკრეტული ადამიანი, არამედ „დიფ სთეითის“ უკან მდგომი ოლიგარქიული ქსელი იგულისხმება“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო და იმედს გამოთქვამს, რომ 2030 წლამდე ევროკავშირი „სრულად დაძლევს არაფორმალური ოლიგარქიული გავლენისა და „დიფ სთეითის“ პრობლემას, რაც შექმნის სათანადო პირობებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად“.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ბოლო რეზოლუცია გასული წლის 28 ნოემბერს, 444 ხმით 72-ის წინააღმდეგ, მიიღო. დოკუმენტით, რომელსაც სავალდებულო ხასიათი არ აქვს, ევროპარლამენტარები ევროკავშირს მოუწოდებენ, სანქციები დააწესოს ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძისა და სხვა მაღალი დონის თანამდებობის პირების წინააღმდეგ. გარდა ამისა, ევროპარლამენტი არ აღიარებს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და მხარს უჭერს ერთი წლის განმავლობაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.