ევროპარლამენტმა 444 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ევროკავშირს მოუწოდებს, სანქციები დააწესოს ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძისა და სხვა მაღალი დონის თანამდებობის პირების წინააღმდეგ. ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ხელახლა, საერთაშორისო ზედამხედველობით უნდა ჩატარდეს. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა 72-მა ევროპარლამენტარმა მისცა, 82-მა კი თავი შეიკავა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 3 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
- 6 აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, 26 ოქტომბრის არჩევნები, რომელიც არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი, ქვეყნის განგრძობადი დემოკრატიული უკანდახევის კიდევ ერთი გამოვლინებაა, რაზეც სრული პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.
ევროპარლამენტარები გმობენ მრავალრიცხოვან და სერიოზულ საარჩევნო დარღვევებს, მათ შორის, ამომრჩეველთა დაშინების, ხმების მანიპულირების, დამკვირვებლებისა და მედიისთვის ხელშეშლის დოკუმენტირებულ შემთხვევებს, ასევე, ელექტრონული ხმის მიცემის აპარატებთან დაკავშირებული მანიპულირების შესახებ ინფორმაციას. მათი განცხადებით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული კენჭისყრის შედეგები „არ არის ქართველი ხალხის ნების სანდო გამოხატულება“.
შედეგად, ევროპარლამენტი უარს ამბობს 26 ოქტომბრის არჩევნების ნებისმიერ აღიარებაზე და მიაჩნია, რომ ასე უნდა მოიქცეს საერთაშორისო საზოგადოებაც. ევროპარლამენტარებს სურთ, რომ არჩევნები ერთი წლის განმავლობაში ხელახლა ჩატარდეს საერთაშორისო მჭიდრო ზედამხედველობითა და დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ.
ევროპარლამენტი მხარს უჭერს საარჩევნო მანიპულაციებთან დაკავშირებით დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარებისკენ მოწოდებებს; მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა პერსონალური სანქციები უნდა დაუწესონ საქართველოს იმ პოლიტიკურ ლიდერებს, ვინც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო კანონმდებლობისა და სტანდარტების დარღვევაზე, ასევე, სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებაზე.
ევროპარლამენტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, თბილისის მერის და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის, ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს.
ევროპარლამენტარები ასევე მოუწოდებენ ევროკავშირს, მკაცრად შეზღუდოს ევროკავშირის დონეზე ოფიციალური კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან. ამასთან, ისინი ნათლად აცხადებენ, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია ბოლო დროს ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღების გამო.
ევროპარლამენტი კატეგორიულად გმობს რუსეთის სისტემატურ ჩარევას საქართველოს დემოკრატიულ პროცესებში ისეთი დეზინფორმაციის საშუალებით, როგორიცაა შეთქმულება „გლობალურ ომის პარტიაზე“, რომლის მიხედვითაც, ოპოზიცია დასავლეთის ბრძანებით ქვეყანას რუსეთთან ომში ჩაითრევს.
ევროპარლამენტარები მკაცრად აფრთხილებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ კანონიერად ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა კიდევ უფრო დააშორებს ქვეყანას ევროკავშირისგან და შეუძლებელს გახდის გაწევრიანებას. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული პოლიტიკა შეუთავსებელია საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან.
„საპარლამენტო არჩევნებისა და სავარაუდო საარჩევნო გაყალბების შემდეგ საქართველოში გაუარესებულ დემოკრატიულ კრიზისზე“ რეზოლუცია ევროპარლამენტის ხუთმა ჯგუფმა შეიმუშავა, ესენია: ევროპის სახალხო პარტია (EPP), მწვანეები და სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსი (S&D), ევროპის კონსერვატორები და რეფორმისტები (ECR), განახლებული ევროპა (Renew Europe) და მწვანეები (Verts/ALE).