რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად“, - განაცხადეს სუს-ში.
დაკავების შესახებ ინფორმაცია ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამაც გაავრცელა. ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, 15 თებერვალს, ე.წ. საზღვარზე „ვანდალიზმს“ ჰქონდა ადგილი. კერძოდ, საქართველოს ორი მოქალაქე „უკანონოდ გადავიდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და დააზიანა სახელმწიფოთაშორისი გამყოფი ხაზის დაცვისა და უსაფრთხოებისთვის გამოყენებული საინჟინრო ნაგებობები“.
„კანონდამრღვევები თავიანთ უკანონო ქმედებებს მობილური ტელეფონის კამერით აფიქსირებდნენ, ალბათ, იმ პროდასავლური არაკომერციული ორგანიზაციების კურატორებისთვის წარსადგენად, რომლებიც რეგიონში ე.წ. ევროპულ, მათ შორის, ლგბტ ღირებულებებს ნერგავენ და სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობენ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოში საარჩევნო კამპანიების წინ“, - აცხადებს ე.წ. უშიშროების კომიტეტი და აღნიშნავს, რომ დაკავებულები ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში იყვნენ.
დღეისთვის ცხინვალში უკანონო პატიმრობაში საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება. მათ შორის არიან დიმიტრი კორინთელი და გიორგი მელაძე, რომლებიც რუსმა სამხედროებმა 2023 წლის 24 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის ეკლესიიდან გაიტაცეს. ეკლესია საოკუპაციო ხაზს მიღმაა მოქცეული.
ცხინვალის ციხეში რჩებიან ასევე ლაშა ხეთერელი და გიორგი მოსიაშვილი. ლიახვის ხეობიდან დევნილი ლაშა ხეთერელი საოკუპაციო რეჟიმს უკვე მერვედ ჰყავს დაკავებული. ბოლოს ის 2023 წლის 5 ივლისს, ოკუპირებულ სოფელ დისევთან დააკავეს. მანამდე ხეთერელს ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში წელიწადზე მეტი აქვს გატარებული. მას ნათესავები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰყავს. თვითონ 2008 წლის ომის შემდეგ შაუმიანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. სოფელ პერევის მცხოვრები გიორგი მოსიაშვილი რუსმა სამხედროებმა 2023 წლის 31 ოქტომბერს სოფელ სინაგურის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს.
ოკუპანტებმა 2021 წლის დეკემბერში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარედ დააკავეს ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მამუკა ჩხიკვაძე. მას ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთასთან ერთად, ნარკოტიკული საშუალების კონტრაბანდასაც ედავებიან. 2022 წლის მაისში, დე ფაქტო სასამართლომ ჩხიკვაძეს 5.6 წლით პატიმრობა მიუსაჯა, რაც მისმა ადგილობრივმა ადვოკატმა გაასაჩივრა და უკანონო სასჯელი 3.8 წლამდე შეუმცირდა.