ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მისი თქმით, ევროკავშირმა მთავრობას და ხალხს ცალსახად უნდა განუმარტოს, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე მომდევნო ეტაპი - მოლაპარაკებები არ გაიხსნება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 4 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 5 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
- 6 აქციაზე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა
სოციალურ ქსელ X-ში ვიოლა ფონ კრამონი წერს, რომ „ქართული ოცნების“ დაპირება ევროპული დემოკრატია იყო, თუმცა ამის ნაცვლად, მან რუსული კანონი კიდევ ერთხელ წარადგინა.
„ქართულმა ოცნებამ“ ჩვეულებისამებრ იცრუა - პირობა დადეს, რომ აღარ შემოიღებდნენ იმ კანონს, რომლის გაუქმებაც ერთი წლის წინ მოუწიათ, მაგრამ ეს მაინც გააკეთეს. ეს არის ბოლო წლების განმავლობაში მმართველი პარტიის ანტიევროკავშირული და პრორუსული პოლიტიკის გაგრძელება. კანონპროექტი მიზნად ისახავს, მოახდინონ საქართველოს ევროკავშირის გზის საბოტაჟი და მოსკოვში ოლიგარქების ხელმძღვანელებს ასიამოვნონ“, - აცხადებს ფონ კრამონი.
როგორც ის აღნიშნავს, კანონი ექსკლუზიურად დემოკრატიის მომხრე არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ იქნება მიმართული, ხოლო რუსეთის აგენტები საქმიანობას დაუსჯელად განაგრძობენ.
„კანონპროექტის მიზანია მხოლოდ დემოკრატიის მომხრე არასამთავრობო ორგანიზაციების გაშავება უცხო აგენტებად, საზოგადოების თვალში მათი სანდოობისთვის ძირის გამოთხრა და საშუალების მიცემა „ქართული ოცნებისთვის“, დაუსჯელად გააგრძელოს ქართული დემოკრატიისა და ევროპული მომავლის ნგრევა. ზედმეტია იმის თქმა, რომ რუს აგენტებს, რომლებიც საქართველოსთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ და ქვეყანაში ფართოდ არიან წარმოდგენილნი, უფლება ექნებათ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გააგრძელონ ფარული ოპერაციები“, - ამბობს ევროდეპუტატი.
ვიოლა ფონ კრამონი შიშობს, რომ რუსული კანონის მიღება საქართველოს შესაძლოა კანდიდატის სტატუსად დაუჯდეს.
„საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობა მიენიჭა არა ხელისუფლების გამო, არამედ მის [ხელისუფლების] მიუხედავად. ეს გადაწყვეტილება იყო დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების მხარდასაჭერად ქართველი ხალხის გამბედაობის დამსახურება.
ევროკავშირმა ცალსახად უნდა განუმარტოს საქართველოს მთავრობას და საქართველოს ხალხს, რომ „რუსული კანონის“ მიღებით, „ქართული ოცნება“ შეგნებულად ხურავს ქვეყნის ევროპული მომავლის კარს, რადგან ამის შემდეგ არ იქნება გაწევრიანების მოლაპარაკებები ან ევროკავშირში ინტეგრაციის რაიმე სხვა ფორმა“, - აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.
„ქართული ოცნება“ აპირებს, პარლამენტმა მიმდინარე სესიის ბოლომდე სამივე მოსმენით მიიღოს ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსული კანონი, რომელზეც უარი 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო ზეწოლის გამო თქვა. კანონპროექტი პარლამენტის ბიურომ 8 აპრილს დაარეგისტრირა, 15 აპრილს კი იურიდიული კომიტეტი განიხილავს. ტექსტი იგივეა - მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვალა ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსულ კანონს, მიღების შემთხვევაში, ვეტოს დაადებს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში აქვს მის დასაძლევად საკმარისი ხმები.