რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, პარლამენტთან არსებული სათვალთვალო კამერის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ გიორგი შანიძეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ დღეს, 16 სექტემბერს გამოაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 3 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
- 4 პატიმრის ადვოკატი: „სახის არცერთი ძვალი მთელი არ აქვს, ეს აღწერილი არაა და რატომ, გაუგებარია“
- 5 პოლიციის აკადემიის რექტორად სავარაუდო კორუფციაში მხილებული ლელა ჩიქოვანი დაინიშნა
- 6 თბილისის მერია „რიყის დოქებთან“ 16 წლის ბიჭის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ირიდებს
გიორგი შანიძე 8 მაისს, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დააკავეს. აღნიშნული მუხლი გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დაკავების შემდეგ პროკურატურამ შანიძეს ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილითაც - კანაფის უკანონო მოყვანა-კულტივირებისთვის, რაც უფრო მძიმე დანაშაულია და ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფელბის აღკვეთით ისჯება.
„თავს მაინცდამაინც კრიმინალად ვერ მივიჩნევ. ამ აქციებს რაც შეეხება, ვფიქრობ, ჩემი ქვეყნისთვის საჭირო საქმეს ვაკეთებდი და ამიტომ ჩავიდინე, ვთქვათ, ეს დანაშაული, რასაც მედავებიან და არა იმიტომ, რომ სიტყვაზე, კამერის დაზიანება მსურდა ან რაღაცა, როგორც ბატონი პროკურორი იძახის. ასევე, დანარჩენი დანაშაულიც, ვფიქრობ, ამ მუხლის მიმართ მიდგომა ბევრად შეცვლილია. მე პირადად ვიცნობ ადამიანებს, რომელთაც გაცილებით მეტი ოდენობით, უბრალოდ პირობითით გაუშვეს გარეთ.
რომ არა პოლიტიკური სარჩული, მე საერთოდ არ დამიჭერდნენ და მეც გარეთ ვიქნებოდი. ვფიქრობ, თქვენს ხელთ არსებული ბერკეტი შეგიძლიათ გამოიყენოთ, 50-ე მუხლის სახით, და პირობითი სასჯელით გამათავისუფლოთ. პატიმრობა არ მეკუთვნის“, - მიმართა შანიძემ მოსამართლეს.
გიორგი შანიძის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ის სამაგალითოდ დასაჯეს. კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის თქმით, შანიძე „რუსული ხელისუფლების“ პოლიტპატიმარია.
„მას აქვს ჩადენილი გმირობა უკრაინაში ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის თვალსაზრისით. მისი შენახული და გადაღებულია კუნძულ ზმეინის მოვლენები. რაც დღეს მოხდა, მისი გასამართლება, „ქართული ოცნების“ პირდაპირი დაკვეთაა, რომ დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელიც დისკომფორტს უქმნის რუსულ ხელისუფლებას“, - აღნიშნა დოლიძემ.
აპრილ-ივნისში, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ორასამდე მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. პროკურატურამ პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდება 9 პირს წარუდგინა. სხვა საქმეებზე სასამართლო პროცესები ჯერ დასრულებული არ არის.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა აქციებზე სასტიკად სცემეს მომიტინგე დეპუტატებს - ალეკო ელისაშვილს და ლევან ხაბეიშვილს, ასევე, სამოქალაქო აქტივისტ დავით ქაცარავას და სხვებს. ძალადობის ამ ფაქტებზე პასუხისგებაში დღემდე არავინაა მიცემული.
