15-მდე უნივერსიტეტის სტუდენტები უარს ამბობენ სასწავლო პროცესის გაგრძელებაზე და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს უერთდებიან. როგორც ისინი აცხადებენ, აუდიტორიებში არ დაბრუნდებიან, ვიდრე ხელისუფლება კანონს უკან არ გაიწვევს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
12 მაისს, დღის ბოლოს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლებელთან შეიკრიბნენ და ფიცი დადეს:
„ვფიცავთ, რომ საკუთარი შესაძლებლობებისა და მიხვედრილობის შესაბამისად, უდრეკად დავიცავთ ჩვენი თანამემამულეების ჯანმრთელობას; ვფიცავთ, რომ არაფრის ფასად დავთმობთ წინაპართა სისხლით მოპოვებულ თავისუფლებას; ვფიცავთ, რომ სიცოცხლის ფასად დავიცვავთ სამშობლოს და მის ღირებულებებს; ვფიცავთ, რომ ვატარებთ გულის მძივად ენას, მამულს, სარწმუნოებას და ერთობას; ვფიცავთ, რომ ჩვენს თეთრ ხალათს არ გავათელინებთ რუსულ ჩექმას; ვფიცავთ, რომ არასდროს დავირქმევთ რუსეთის ექიმებს; ვფიცავთ, რომ ჩვენ აუცილებლად შეგიყვანთ თეთრი ხალათებით ევრიპაში“.
სტუდენტების განცხადებით, დღეს, როდესაც ქვეყანა ისტორიული არჩევანის წინაშე დგას და საქართველოს ევროინტეგრაციას ხელისუფლების მიერ ინიცირებული რუსული კანონი ძირს უთხრის, მომავალი თაობა უნდა იდგეს იქ, სადაც ქვეყნის ბედი წყდება.
„მიუხედავად იმისა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და სტუდენტური თვითმმართველობა ამ დრომდე დუმს, ჩვენ, სტუდენტები, მომავალი ექიმები და მედპერსონალი, აქციების დაწყების დღიდან თეთრი ხალათებით ვდგავართ თქვენს შორის, მოქალაქეებისა და სახელმწიფოს სადარაჯოზე და მიგვაჩნია, რომ ვალდებულნი ვართ, ხელი გვეჭიროს საქართველოს ევროპული მომავლის პულსზე. ამიტომ, ჩვენ უარს ვამბობთ ლექციებზე დასწრებაზე და ხვალიდან, ორშაბათიდან, ვაცხადებთ გაფიცვას. ჩვენ, როგორც ყოველთვის, თეთრი ხალათებით ვიდგებით რუსთაველის გამზირზე, რათა დავიცვათ ქვეყნის ღირსება, მომავალი, ქვეყნის ევროპული პერსპექტივა“, - განაცხადეს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.
13 მაისიდან იფიცება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილიც. ისინი იყვნენ პირველები, ვინც საჯაროდ თქვეს, რომ აუდიტორიებში დარჩენა აღარ შეუძლიათ.
„არ ვაპირებთ, მდუმარედ შევეგუოთ ქვეყანაში მიმდინარე გაცხადებულ დიქტატორულ პროცესს. მივიღეთ გადაწყვეტილება, ორშაბათიდან უარი ვთქვათ აუდიტორიაში შესვლაზე. დილის 9 საათიდან ვიდგებით რუსთაველზე და გავაპროტესტებთ პუტინისტური დიქტატურის საკანონმდებლო ინიციატივის გაფორმების მცდელობას“, - თქვეს სტუდენტებმა და ლექტორებსაც მოუწოდეს, მიიღონ „ადეკვატური გადაწყვეტილება“, გამოაცხადონ საყოველთაო გაფიცვა და სტუდენტებთან ერთად რუსთაველზე დადგნენ.
ამ დროისთვის გაფიცვას უერთდებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), საქართველოს უნივერსიტეტის, ალტე უნივერსიტეტის, თბილისის სამხატვრო აკადემიის, კავკასიის უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.
სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 80-მდე ლექტორმა. მათი თქმით, თუ სტუდენტები გადაწყვეტენ, შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ამ გადაწყვეტილებას თავადაც შეუერთდებიან. გარდა ამისა, ლექტორები უნივერსიტეტის რექტორს ჯაბა სამუშიას მოუწოდებენ, ღიად და მკაფიოდ დააფიქსიროს პოზიცია რუსული კანონის, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მიმართ ძალადობისა და დაშინების მცდელობის შესახებ, უზრუნველყოს, რომ პრობლემები არ შეექმნათ პროტესტის მონაწილე სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს.
„ქართული ოცნება“ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მესამე, საბოლოო მოსმენით მიღებას ხვალ და ზეგ აპირებს. ორშაბათს მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ და დაუჭერენ მხარს, სამშაბათს კი კანონის პლენარულ სესიაზე გატანაა დაგეგმილი. მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან უკვე შეიკრიბნენ და იქ აპირებენ დილამდე დარჩენას.