დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით არის დაკავებული, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ღუდუშაურმა, რომელიც სამინისტროს შესყიდვების სატენდერო კომისიის თავმჯდომარეც იყო, ტენდერის პირობები კონკრეტულ კომპანიას მოარგო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 5 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 6 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
გამოძიების თანახმად, 2022 წლის 27 სექტემბერს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე. ტენდერის საბოლოო ბენეფიციარი სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი იყო. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი — 8 525 876 ლარი შესთავაზა. როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული ტენდერი შეწყდა მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის უკანონო დავალებით.
„მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება სხვა კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით. 2023 წლის 10 მაისს, მისი მითითებით, გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე, რის შედეგადაც სხვა კომპანიებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს. წინასწარ შერჩეულ კომპანიას სამინისტრომ უსაფუძვლოდ გადაუხადა 2 138 196 ლარი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები“, – განაცხადეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. უწყებაში გამართულ ბრიფინგზე კომპანიების სახელწოდებები არ დასახელებულა.
ილია ღუდუშაურისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.
ილია ღუდუშაური ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ 2022 წლის იანვარში, ზურაბ აზარაშვილის მინისტრობის დროს დანიშნეს, 2024 წლის მარტში კი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
2025 წლის 27 ივლისს ილია ღუდუშაურის ძმა, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური 1.3 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე დააკავეს. მოგვიანებით, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. როგორც პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა განაცხადა, საქმეში მისი აღიარებითი ჩვენება დევს. ამავე საქმეზე პატიმრობაში იმყოფება თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.
