სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით 43 წლის მამაკაცი, გ.ქ. დააკავეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამოღებულია 200-მდე ქალის 5000-ზე მეტი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა, რომელსაც ბრალდებული წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა. ამ დროისთვის 11 დაზარალებულია იდენტიფიცირებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებული წლების განმავლობაში, ინტერნეტსივრცეში, მათ შორის, სოციალურ ქსელ Facebook-ის სხვადასხვა ჯგუფში, განცხადებებს ათავსებდა, სადაც მოტყუებით უთითებდა, რომ იყო ფოტოგრაფი და ქალის თეთრეულის რეკლამისთვის ფოტოსესიაზე გოგოებს სპეციალურად შერჩეულ ბინებში იწვევდა. გარდა ამისა, საგამოძიებო სამსახურის ცნობით, იგი შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, ქალებს ძიძის/მომვლელის და მასაჟისტის ვაკანსიაზეც იბარებდა ბინაში, დაინტერესებულ პირებს ეცნობოდა გამოგონილი ვინაობით, მათ შორის – ნუკრი ჯიოშვილის და ივანე ჯაიანის სახელით.
„ბრალდებული მამაკაცი, ბინაში მოტყუებით მიყვანილ დაზარალებულებთან ე.წ საცდელ ფოტოსესიას აწყობდა, რა გზითაც მოტყუებით მოიპოვებდა დაზარალებულების ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო ფაილს. ფოტოსესიის შემდგომ პერიოდში, ბრალდებული აღნიშნულ ქალბატონებთან ცდილობდა კომუნიკაციის გაგრძელებას და რიგ შემთხვევებში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინტიმური ფოტოების გავრცელების მუქარით, აიძულებდა სქესობრივი კავშირის დამყარებას“, - თქვა საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა, ბაჩო კვარაცხელიამ.
რამდენიმე დაზარალებულის ჩვენებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ფოტოსესიის დროს, მათ სასმელში ფარულად გაურკვეველ ნივთიერებას უყრიდა და შემდგომ, უმწეო მდგომარეობაში მყოფ მსხვერპლებთან სქესობრივ კავშირს ამყარებდა, რასაც ის ფარულად დამონტაჟებული ვიდეოკამერით იწერდა და აარქივებდა.
მამაკაცი მარტში, 19 წლის გოგოს პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის ბრალდებით დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა გოგო გლდანში მდებარე თავის ბინაში მიიყვანა, სადაც მას როგორც ფოტოგრაფს, თითქოს სტუდია ქონდა მოწყობილი და ქალის ინტიმური შინაარსის ფოტოები უკანონოდ მოიპოვა. ბრალდებული ქალს მისი ინტიმური შინაარსის ფოტომასალის ნათესავებთან გავრცელებით ემუქრებოდა, თუ არ შეასრულებდა მის მოთხოვნებს - არ შეხვდებოდა, სქესობრივ კავშირს არ დაამყარებდა და ახალ ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეო მასალას არ გადაუგზავნიდა. მას შემდეგ რაც უარი მიიღო, საჯაროდ განათავსა ფოტოსესიის დროს დაზარალებულისთვის გადაღებული ინტიმური ხასიათის ერთ-ერთი ფოტო.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გ.ქ.-ს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. საქმეზე გამოძიება გრძელდება.
თუ ფლობთ ინფორმაციას პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით, მიმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს: ცხელი ხაზი – 199. შესაძლებელია განცხადებით მიმართვა სამსახურის ცენტრალურ და რეგიონულ ოფისებში – თბილისში (მ. ასათიანის ქ. №9), თელავში (მის: ერეკლე II-ის გამზირი, №16), ქუთაისში (მის: ი. აბაშიძის გამზირი N 22), ზუგდიდსა (მის: კოსტავას ქ. N 58) და ბათუმში (მის: გ. მაზნიაშვილის ქ N 54).