ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჩხრეკას ქუთაისში, ბიზნესმენ ვალერი ტყეშელაშვილის სახლშიც ატარებს. როგორც ტყეშელაშვილი ამბობს, დილით მის ოჯახში ჯერ უბნის ინსპექტორები მივიდნენ, შემდეგ კი ფინანსური პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც განუცხადეს, რომ ქოლცენტრებთან მის კავშირზე აქვთ ეჭვი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ბოლო 10 წელია საქართველოში არ ვიმყოფებოდი, რამდენიმე თვეა ჩამოვედი და მშობლების სახლში ვარ. შოკში ვარ. გამომძებელმა ქაღალდზე დაწერა, რომ უნდა ჩაატაროს ჩხრეკა, რადგან აქვს ეჭვი, რომ ქოლცენტრებთან დაკაშირებულ საქმიანობას ვეწევი. ქოლცენტრთან არანაირი შეხება არ მქონია. ვარ, ძირითადად, საგანმანათლებლო სფეროში და საინფორმაციო ტექნოლოგიებში, ვაკეთებ შესყიდვების სისტემას. არასდროს არაფერი მქონია საერთო ქოლცენტრებთან. რისი მიღწევაც უნდათ არის ის, რომ დააშინონ ხალხი. ჩვენი ოჯახი არ არის „ქოცების“ მხარდამჭერი, არც არასდროს ყოფილა“, - განაცხადა ტყეშელაშვილმა.
მისი თქმით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორი მოწმე ქუთაისის მერიიდან მიიყვანეს და ჩხრეკასთან დაკავშირებით სასამართლოს განჩინება არ წარუდგენიათ.
დღეს, 24 ოქტომბერს, დილით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ თბილისში, ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის Atlantic Council-ის ქართველი თანამშრომლების, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას საცხოვრებელ ბინებშიც, საიდანაც ლეპტოპები და ტელეფონები წაიღეს. ბუზიაშვილი და გელავა რუსულ დეზინფორმაციას იკვლევენ. გარდა ამისა, სოფო გელავას მეუღლე, გიორგი ნონიაშვილი პარტია „ფედერალისტების“ პოლიტიკური საბჭოს წევრია.
„დაახლოებით დილის 8 საათზე მოვიდნენ. არ მითხრეს, რომ ფინანსური პოლიციიდან იყვნენ. თქვეს, რომ გაზის შემოწმების სამსახურიდან იყვნენ, რაღაცის გაჟონვა იყო პრობლემა. შემოვარდა დაახლოებით 6 ადამიანი, დაიწყეს პირდაპირ ჩხრეკა, ჩამომართვეს ტელეფონი, არ მომცეს ადვოკატთან დარეკვის საშუალება. აინტერესებდათ დოკუმენტაცია და ტექნიკა, ეს იყო მათი მოტივი. დაიწყო ჩხრეკა. დაახლოებით ორი საათი მიმდინარეობდა, დანარჩენი ორი საათი ოქმი დგებოდა. გამოკითხვაზე ვარ დაბარებული“, - თქვა ეთო ბუზიაშვილმა.
მისი ადვოკატის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის, გადასახადებისთვის თავის არიდებისა და ფულის გათეთრების მუხლებით.
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ჩხრეკას ატარებენ ამერიკული კომპანია Concentrix Georgia-ს ოფისშიც, რომელიც თბილისში, ვაკეში მდებარეობს. Concentrix Georgia მსხვილ ბიზნესკომპანიებს საზღვარგარეთ საკონსულტაციო მომსახურებას უწევს.