საგანგაშო მდგომარეობაა და ყოველთვის შეიძლება გართულება იყოს - ექიმი მზია ამაღლობელზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, უკანონოდ დაპატიმრებული მზია ამაღლობელი „ვივამედში“ რჩება. სამედიცინო დაწესებულების კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, მდგომარეობა საგანგაშოა და გართულება გამორიცხული არ არის.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ახლა ვინახულე მზია ამაღლობელი, მხნედ არის. დაგვჭირდა დამატებითი კვლევების გაგრძელება და ექიმების მიერ კონსულტირება. რეკომენდაციებს ითვალისწინებს. მას დანიშნულება უკვე მიცემული აქვს, რომელიც სრულდება, რაზეც თანხმობას აცხადებს და ეს ჩვენ ძალიან გვახარებს. კვლევები ძირითადად უკავშირდება შიმშილის ეფექტს, რაც ზეგავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე საერთოდ, მათ შორის კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. რა თქმა უნდა, საგანგაშო მდგომარეობაა და ყოველთვის შეიძლება რაღაც გართულება იყოს. დღეს ჩვენთან დარჩება, სავარაუდოდ, ხვალაც, რომ კვლევები კიდევ გაგრძელდეს და კონტროლის ქვეშ იყოს. ამდენი ხნის შიმშილობის ეფექტი ორგანიზმზე თავის ზეგავლენას ახდენს“, - განაცხადა ჩხაიძემ ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში.

მზია ამაღლობელი ციხეში პროტესტის ნიშნად 26-ე დღეა შიმშილობს. რუსთავის N5 პენიტენციური დაწესებულდებიდან კლინიკა „ვივამეში“ ის 4 თებერვალს, კვლევების ჩასატარებლად გადაიყვანეს. ადვოკატ ჯუბა ქათამაძის თქმით, პატიმარი პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებას და კვლევების იქ გაგრძელებას ითხოვს.

მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ეგიდით მედიკოსთა სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომელიც პატიმარს ხვალ შეხვდება.  

„ეს ჯგუფი არა მარტო სახალხო დამცველის მიერ არის შექმნილი, არამედ დაცვის მხარის მხრიდანაც სარგებლობს ნდობით, ასევე, ქალბატონი მზიას ოჯახის წევრები და ახლობელბიც იყვნენ ჩართული მის შექმნაში. შესაბამისად, ვინაიდან ეს ჯგუფი ხვალ შედის, გადაწყდა, რომ ხვალამდე დარჩება ქალბატონი მზია „ვივამედში“, ხვალინდელი საღამოდან კი, როდესაც ყველა კვლევა ჩატარდება, მისი მოთხოვნაა, გადაიყვანონ მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში“, - აღნიშნა ჯუბა ქათამაძემ.

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირქტორი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციაზე, ორჯერ დააკავეს. პირველად მისი დაკავება სამმართველოს დამხმარე შენობის კედელზე საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო მოხდა, ხოლო მეორედ - ბათუმის პოლიციის უფროსზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს და სამი საათის განმავლობაში ადვოკატებს მასთან არ უშვებდნენ.

დაკავების შემდეგ ამაღლობელი არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. მისი თქმით, პოლიციის განყოფილებაში, ირაკლი დგებუაძემ სახეში შეაფურთხა და მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა, არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას.

„ბათუმელებმა“ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიციის სამმართველოს ეზოში შეყვანის შემდეგ მზია ამაღლობელს პოლიციელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მას თავად პოლიციის უფროსიც აგინებდა და ემუქრებოდა, რომ სისხლის სამართლის წესით დაიჭერდა.

ამაღლობელს დღემდე არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი, დგებუაძე კი თანამდებობაზე რჩება.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონოა, ატარებს დაშინების და პოლიტიკური რეპრესიის სახეს, რადგან ჟურნალისტის ქმედება - სახეში სილის გაწვნა - პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება. ისინი პროკურატურას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მიმართოს სასამართლოს და აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლა მოითხოვოს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.