კენჭისყრა უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა – საია

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღე მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე, ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა. როგორც საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, გამოვლინდა მარკირების პროცედურებთან დაკავშირებული სერიოზული დარღვევები, ასევე, დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის, ხმის ფარულობის დარღვევისა და ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების შემთხვევები.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სადამკვირვებლო მისია შემდეგ მთავარ დარღვევებს გამოჰყოფს:

ხმის მიცემის ძირითადი პროცედურების დაუცველობა

საია-ს თავმჯდომარის განცხადებით, გამოვლინდა მარკირების წესების დაუცველობის დარღვევა, რაც გამოიხატებოდა სხვადასხვა ფორმით - ამომრჩეველს არ უკეთებდნენ მარკირებას ან უსვამდნენ კითხვას, სურდა თუ არა მარკირების სითხის დასხმა. გარდა ამისა, ზოგ შემთხვევაში სპეციალური ფანარი მარკირებას არ აღიქვამდა და ამომრჩეველს აძლევდა საშუალებას, უბანზე სათანადო შემოწმების გარეშე შესულიყო. ამასთნ, როგორც ნონა ქურდოვანიძემ თქვა, დაფიქსირდა ხმის მიცემის შემთხვევები იმ ამომრჩევლების მიერ, რომლებსაც მარკირების კვალი ემჩნეოდათ, აგრეთვე, გამოვლინდა ორმაგი ვერიფიკაციის, ასევე, ერთი და იმავე მოქალაქის მიერ ერთზე მეტჯერ ხმის მიცემის შემთხვევები.

ქურდოვანიძის ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში დამკვირვებლები აწყდებოდნენ სხვადასხვა სახის დაბრკოლებას, რაც მათ ხელს უშლიდა თავისუფალი და გამჭვირვალე დაკვირვების პროცესის უზრუნველყოფაში. საიამ აღრიცხა დამკვირვებლების წინააღმდეგ მუქარის, საარჩევნო კომისიების მხრიდან მონიტორინგის პროცესის შეფერხების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ვერბალური თავდასხმის, ასევე, უბნიდან გაძევების ფაქტები.

„დამკვირვებლების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება გამოვლინდა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი მარკირების წესის დარღვევაზე შენიშვნებს აფიქსირებდნენ“, - თქვა ნონა ქურდოვანიძემ.

ხმის ფარულობის დარღვევა და ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედება

ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, საიას მიერ აღრიცხულ უბანთა უმრავლესობაში „ქართული ოცნების“ მიერ დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერები, რომლებიც, ზოგ შემთხვევაში, უყურებდა რეგისტრატორის მაგიდებს და ვერიფიკაციის აპარატებს, ზოგ შემთხვევაში კი - ხმის მიცემის კაბინებს და ძირითად საარჩევნო ყუთს. დამკვირვებლების შეფასებით, ბიულეტენების ხარისხი ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ მის უკანა მხარეს არ დაეტოვებინა გაფერადებული წრის კვალი.

„ამ ორი მოცემულობის თანხვედრა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მაღალ რისკებს ადასტურებს. ასევე, ფიქსირდებოდა ფარულობის დარღვევის სხვადასხვა ეპიზოდი, მათ შორის, ხმის მიცემა არაუფლებამოსილ თანმხლებ პირთან ერთად“, - აღნიშნა ქურდოვანიძემ.

გარდა ამისა, საიას დამკვირვებლებმა დღის მანძილზე გამოავლინეს უბნის გარეთ დაძაბულობის, ამომრჩევლების აღრიცხვის, ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელშეშლის, კომისიის წევრების მიერ ფუნქციების არაჯეროვანი შესრულების, უკანონო აგიტაციის ფაქტები, ასევე, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა ხარვეზები. როგორც ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, უბნის დახურვის შემდგომ დაფიქსირდა ბიულეტენის ბათილობასთან, ჩანაწერთა წიგნის დალუქვასა და საარჩევნო უბნის დოკუმენტაციის გაცნობასთან დაკავშირებული დარღვევები.

ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, გამოვლენილი ძირითადი დარღვევები და პროცესების სანდოობასთან დაკავშირებული ეჭვები დღის წესრიგში აყენებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან განმარტების საჭიროებას.

„იმ პირობებში, როდესაც ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთულია ამომრჩეველთა სრული სია, რა მექანიზმების გამოყენებით შეიძლება იმის დაზუსტებით თქმა, რომ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე არ მომხდარიყო დუბლირებული სიების გააქტიურება. ეს საკითხი განსაკუთრებით საჭიროებს განმარტებას იმ პირობებში, როდესაც სახეზეა მარკირების პროცედურებთან დაკავშირებული სერიოზული დარღვევები“, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე.

არჩევნების მონაწილეთა ხმების 99%-ზე მეტი უკვე დათვლილია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 54.08% მიიღო, ხოლო ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ჯამურად - 37.58%. „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ამბობენ, რომ არჩევნების შედეგები არ ასახავს ხალხის ნებას, პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ კი განაცხადეს, რომ სისტემურ დარღვევებს პირდაპირი გავლენა აქვს არჩევნებზე და შედეგები ბუნებრივად იწვევს გარკვეულ კითხვის ნიშნებს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.