საია: ინდივიდებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა კონსტიტუციასთან შეუსაბამოა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) განცხადებით, „ქართული ოცნების“ ინიციატივა ინდივიდების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

უფლებადამცველი ორგანიზაცია ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს პოლიტიკური ოპონენტების განადგურებისთვის ნიადაგის მომზადებად და ერთპარტიული, ავტორიტარული მმართველობის დამყარების მცდელობად აფასებს.

„პარტიასთან კავშირში მყოფი პირების პოლიტიკაში მონაწილეობის აკრძალვა, წარმოადგენს სრულიად ბუნდოვან და გაუმართლებელ პასუხისმგებლობის კოლექტივიზაციას, რაც წინააღმდეგობაში მოდის ევროპული კონვენციის მე-11 მუხლთან (გაერთიანების თავისუფლება). ამავე მუხლით, ისევე როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლით, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) წევრ სახემწიფოებს აკისრიათ ვალდებულება დაიცვან ინდივიდების უფლება, თავისუფლად შექმნან და შეუერთდნენ პოლიტიკურ პარტიებს პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნის უფლება ასევე პირდაპირ არის აღიარებული კოპენჰაგენის დოკუმენტის 7.6 პუნქტით“, – აცხადებს საია.

„ქართულმა ოცნებამ“ 13 ოქტომბერს დაჩქარებული წესით დაიწყო საკანონმდებლო პაკეტის განხილვა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აკრძალულ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პარტიული საქმიანობის (მათ შორის, პარტიის დაარსება, პარტიის ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება), სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლების, ასევე არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას ითვალისწინებს.

„კანონპროექტის ავტორები განმარტებით ბარათში მოიხმობენ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციას და აღნიშნავენ, რომ კანონპროექტის მიზანია დემოკრატიული პროცესების დაცვა მისი „ბოროტად გამოყენებისგან“. თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის დოქტრინა მართლაც აღიარებს, რომ დემოკრატიას უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის დაცვის უნარი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ დოქტრინის შეუცვლელი ნაწილია ლიბერალური, წარმომადგენლობითი დემოკრატიული წესრიგი, რომელიც ეფუძნება პოლიტიკურ აქტორებს შორის თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობას და გამყარებულია სიტყვისა და გაერთიანების თავისუფლებით, ასევე პლურალიზმისა და ტოლერანტობის პრინციპებით. აღნიშნული კანონპროექტი კი აჩენს რეალურ რისკს, რომ თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპი, შესაძლოა, გამოიყენებოდეს ავტორიტარული ტენდენციების გასამყარებლად და ფასადურად, დემოკრატიის დაცვის მოტივით, პოლიტიკური ოპონენტების განადგურების იარაღად იქცეს“, –  ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

საია აღნიშნავს, რომ კანონპროექტიდან არ ჩანს, რას მოიცავს პარტიასთან დაკავშირებული პირის ცნება და მასში რა სახის კავშირი იგულისხმება, რაც „ტოვებს ინტერპრეტაციის ფართო არეალს“ და კანონის „ბოროტად გამოყენების რისკს“ ქმნის.

„თავისთავად, ბუნდოვანი ნორმა მისი არაკონსტიტუციურობის საფუძველს შეიძლება ქმნიდეს. პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა ეს აუცილებელია: ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და პროპორციულია სანაცვლო სამართლებრივ სიკეთესთან შედარებით.

პარტიასთან დაკავშირებულობა თავისთავად არ ქმნის პასუხისმგებლობას პარტიის უკანონო ქმედებებისთვის. ადამიანი არ შეიძლება დაისაჯოს მხოლოდ იმის გამო, რომ ის კავშირში იყო პარტიასთან, რომელიც აიკრძალა.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ შემოთავაზებული ვარიანტით ეს პასუხისმგებლობა არ არის დროითი ვადით შემოსაზღვრული და კონკრეტულ პარტიასთან კავშირი პირისათვის შეიძლება მისი პოლიტიკური კარიერის დასრულების ტოლფასი იყოს მთელი სიცოცხლის მანძილზე, რაც არსებითად არაპროპროციულად ზღუდავს პირის პოლიტიკურ უფლებებს.

წარმოდგენილი ცვლილებები კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ აფართოებს საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატს. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას და გამორიცხავს მიმდინარე კანონმდებლობით მის გაფართოვებას. აღნიშნულ ჩამონათვალში არ არის მითითებული უფლებამოსილება, რომელიც სასამართლოს საშუალებას მისცემდა ფიზიკური პირებისთვის პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა დაეკისრებინა, მით უმეტეს - კოლექტიური პასუხისმგებლობის ფორმით.

მოცემულ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ამიტომ, მიმდინარე კანონმდებლობაში მარტივი უმრავლესობის გზით ცდილობს მისთვის სასურველი საკანონმდებლო ველი შექმნას.

ზემოთ განხილული ინდივიდუალური ცვლილებების მიღება საბოლოო ჯამში მნიშვნელოვან დემოკრატიულ ეროზიას იწვევს. სწორედ იმიტომ, რომ დემოკრატიის დაცვასა და პოლიტიკური პლურალიზმის განადგურებას შორის ზღვარი ძალიან მყიფეა, კონსტიტუცია ზღუდავს ასეთ უფლებამოსილებას მკაფიოდ განსაზღვრული წესით.

შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც აკრძალული პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობის შეზღუდვას ითვალისწინებს, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან.

ცვლილებით არაპროპორციულად, განუსაზღვრელი ვადით იზღუდება ინდივიდის უფლებები, რამაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება პოლიტიკური სპექტრის გაქრობა გამოიწვიოს“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

13 მაისს, „ქართულმა ოცნებამ“ უკვე მიიღო კანონი, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლებლობა მიეცა გამარტივებული პროცედურების გამოყენებით აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი ან/და საქმიანობის არსი (მათ შორის, პერსონალური შემადგენლობა) არსებითად იმეორებს უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს ან/და საქმიანობის არსს, მათ შორის, პერსონალურ შემადგენლობას.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.