საია: სახის ამომცნობი კამერები აქციის მონაწილეთა დასაშინებლად და კონტროლისთვის გამოიყენება

შინაგან საქმეთა სამინისტრო სახის ამომცნობ ტექნოლოგიებს უკანონოდ, აქციის მონაწილეების ტოტალური კონტროლისათვის იყენებს. ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ნონა ქურდოვანიძის თქმით, ეს პრაქტიკა განსაკუთრებით შეინიშნება გზის გადაკეტვის საფუძვლით დაწყებული სამართალდარღვევის საქმეებში.

„როგორც წესი, ასეთ საქმეებში ერთადერთ მტკიცებულებას სახის ამომცნობი კამერებიდან ამოღებული ფოტოები წარმოადგენს, რომლებიც, ძირითადად, შესაბამისი კონტექსტის იგნორირებით, პირის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სასამართლოს საკმარის მტკიცებულებად მიაჩნია. სასამართლო უმეტესად, არ აფასებს, რამდენად კანონიერად მოხდა პირის იდენტიფიცირება და პირს, რომელმაც იდენტიფიცირება მოახდინა, ჰქონდა თუ არა სათანადო დაშვება დაცულ ბაზებთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად.

ეს პრაქტიკა მიზანმიმართულად გამოიყენება როგორც მოქალაქეთა დაშინების, ასევე, აქციის მონაწილეთა სამომავლო ქცევის კონტროლისათვის. მას ასევე, აქვს „მსუსხავი ეფექტი“, რაც გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის თვითშეზღუდვაში შეიძლება გამოიხატოს“, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

გზის გადაკეტვის საფუძვლით დაწყებული ერთ-ერთი საქმის განხილვისას, საია-სთვის ცნობილი გახდა, რომ შსს ვიდეოების დამუშავებისას ახორციელებს კონკრეტული ადამიანების მიზნობრივ მეთვალყურეობას/თვალთვალს. კერძოდ, საია-ს ცნობით, იანვრის ერთ-ერთი საპროტესტო აქციის ამსახველ ვიდეოზე, რომელიც სამინისტროს სასამართლოში მტკიცებულების სახით აქვს წარდგენილი, დაფიქსირებულია, როგორ ადევნებენ თვალს კამერით რუსთაველის გამზირზე მყოფ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ლაივ რეჟიმში.

საია-ს ინფორმაციით, ვიდეოში ჩანს, როგორ მოძრაობს კამერა კონკრეტულად იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც გადაადგილდება აქციის მონაწილე შემდგომ კი, როდესაც მოქალაქე დგას ვიდეოსამეთვალყურეო კამერისგან ზურგით და კითხულობს გარკვეულ დოკუმენტს, კადრი ახლოვდება ისე, რომ რომ სრულად გარჩევადია, თუ რას კითხულობს ის.

„ეს გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ კამერების მართვა ხდება კონკრეტული პირის/პირების მიერ მექანიკურად.

ვიდეო ჩანაწერიდან იკვეთება, რომ კამერების მიახლოებით შესაძლებელია არა მარტო პირების იდენტიფიცირება, არამედ, სხვა ტიპის ინფორმაციების მიღება, მაშინაც კი, როდესაც ეს კონკრეტული ინფორმაცია რაიმე სამართლებრივ კავშირში არაა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმესთან.

გაუგებარია, რომელ ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება ვიდეოკამერისგან ზურგით მდგომი საპროტესტო აქციის მონაწილის ხელში არსებული ფურცლების იმგვარად მიახლოვება და გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაკვირვება, რომ შესაძლებელი გამხდარიყო არსებული ტექსტის წაკითხვა“, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

ქურდოვანიძემ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენების და პირდაპირ რეჟიმში თვალთვალის ანალოგიური პრაქტიკა შეფასებული აქვს გამოხატვის თავისუფლებასა და პირადი ცხოვრების უფლებებში ჩარევად.

„სტრასბურგის სასამართლოს ნამსჯელი აქვს იმაზე, რომ ამ სახის ტექნოლოგიის გამოყენება გამოხატვის თავისუფლების განხორციელების კონტექსტში, ანუ აქციის კონტექსტში შეუსაბამოა სამართლის უზენაესობის პრინციპით მართული, დემოკრატიული საზოგადოების იდეალებსა და ღირებულებებთან“, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

საია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მოუწოდებს, დროულად და სათანადოდ შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და მოახდინოს მასზე ეფექტიანი რეაგირება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ 18 თებერვალს, საკუთარი ინიციატივით დაიწყეს ორი დამოუკიდებელი არაგეგმური შემოწმება, რომელიც მოიცავს:

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მიერ კამერების მეშვეობით (თბილისი, რუსთაველის გამზირი) ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლას;
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში, ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლას.

უწყებაში განმარტავენ, რომ ინსპექტირების დასრულებამდე, წინასწარ შეფასებას ვერ გააკეთებენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.