საია: თავდაცვის სამინისტროდან უკვე 150-მდე თანამშრომელია გათავისუფლებული

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის პარალელურად საჯარო უწყებებში რეპრესიებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საგანგაშოა თავდაცვის სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაციის პროცესი.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საია-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის თავდაცვის სამინისტროდან 150-მდე პირია უკვე გათავისუფლებული. მათ ნაწილს სამართლებრივ დახმარებას აღნიშნული ორგანიზაციის იურისტები უწევენ.

„შესწავლილი საქმეებიდან გამოიკვეთა, რომ უწყებაში თანამშრომელთა წინასწარი ინფორმირებისა და საკითხის სრულყოფილად შესწავლის გარეშე დაიწყო რეორგანიზაცია. რეორგანიზაციის პროცესში გაუქმდა ზოგიერთი სტრუქტურული ერთეული და თანამშრომელთა ნაწილი ავტომატურად გათავისუფლდა, ხოლო ნაწილი - გადაიყვანეს სხვადასხვა პოზიციაზე.

ამ დროისთვის, დასაქმებულებისთვის უცნობია, რამ გამოიწვია რეორგანიზაცია და შტატების შემცირება, ამასთან, რა კრიტერიუმებსა და შეფასებებზე დაყრდნობით განისაზღვრა, ვინ უნდა გათავისუფლებული სამსახურიდან.

ამგვარად, თანამშრომელთა გათავისუფლება, არსებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, გათავისუფლების უკანონოდ მიჩნევის საფუძველია“, - აცხადებენ უფლებადამცველ ორგანიზაციაში.

საია-ს ინფორმაციით, რეორგანიზაციის გარდა, სამინისტროდან არაერთი თანამშრომლის გათავისუფლების საფუძველი გახდა 24 იანვარს თავდაცვის მინისტრის ბრძანებაში შესული ცვლილება, რომლითაც სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ზღვრული ასაკი განისაზღვრა. უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის ზღვრული ასაკი 55 წელია, უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის - 60, ხოლო უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის - 65 წელი. ზღვრულ ასაკს მიღწევა სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია.

„იმის გათვალისწინებით, რომ ზღვრული ასაკის დაწესება ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხია, მისი რეგულირება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, დაუშვებელია“, - აცხადებს საია და ბრძანებაში შესულ ცვლილებას ანტიკონსტიტუციურად აფასებს. ორგანიზაცია მიუთითებს კონსტიტუციის 25-ე მუხლზე, რომელის მიხედვითაც, „საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“.

საია მიიჩნევს, რომ საჯარო უწყებებში, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე დასაქმებულთა გათავისუფლების პროცესი კანონმდებლობას არ შეესაბამება და საჯარო მოხელეების მიმართ პოლიტიკური ნიშნით რეპრესიას წარმოადგენს.

„პროცესი ხორციელდება უსამართლოდ, გაუმჭვირვალედ და სასამართლო პრაქტიკის იგნორირებით, რაც არღვევს საჯარო სექტორში დასაქმებულთა უფლებებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ გათავისუფლებულთა ნაწილი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადების ხელმომწერია, რაც აშკარა დისკრიმინაციის და გამოხატვის თავისუფლების დარღვევის მაგალითია“, - ნათქვამია უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებაში.

საია ადმინისტრაციულ ორგანოებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საჯარო სამსახურებში დასაქმებული პირების უკანონო გათავისუფლება და უზრუნველყონ საჯარო მოხელეთა უფლებების დაცვა.

საჯარო დაწესებულებებიდან ასობით თანამშრომლის გათავისუფლებას წინ უძღოდა 2024 წლის დეკემბერში „ქართული ოცნების“ მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა, რითაც საჯარო სექტორში დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა გაუარესდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.