საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ორგანიზაცია საარჩევნო კოდექსის იმ ახალ რეგულაციას ასაჩივრებს, რომელიც საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებში საარჩევნო უბნების გახსნას კრძალავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 2 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გარდაიცვალა
- 3 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 4 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პატრიარქი კრიტიკული მედიცინის განყოფილებაშია - ილია II საავადმყოფოში მასიური სისხლდენით გადაიყვანეს
საიას შეფასებით, აღნიშნული აკრძალვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ საყოველთაო საარჩევნო უფლებას. სარჩელში ხაზგასმულია, რომ არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი; ახალი შეზღუდვა არ ემსახურება არავითარ ღირებულ კონსტიტუციურ მიზანს;
რეგულაცია ქმნის ხელოვნურ დაბრკოლებებს (მგზავრობის მაღალი ხარჯი, სამუშაოდან იძულებით დათხოვნა), რაც ასობით ათას ემიგრანტს არჩევნებში მონაწილეობაზე პრაქტიკულად უარს ათქმევინებს.
საიას თავმჯდომარის, თამარ ონიანის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა სახელმწიფოს არ გააჩნია რესურსი. თუმცა, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველო მუდმივად ახერხებდა საელჩოების ბაზაზე საარჩევნო უბნების გახსნას.
საია განმარტავს, რომ დიპლომატიურ დაწესებულებებზე საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს სრული შესაძლებლობა, პროცესი დამოუკიდებლად მართოს. ამის საპირისპიროდ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ რეგულაციას უცხო სახელმწიფოების მხრიდან შესაძლო ჩარევის თავიდან აცილების არგუმენტით ამართლებს.
ორგანიზაციის განცხადებით, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა უზრუნველყოფს საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების აღდგენას. თუმცა, საია აქვე გამოთქვამს შეშფოთებას ბოლო პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეების განხილვის გაჭიანურების ტენდენციაზე: „მნიშვნელოვანი საქმეების განხილვის გაჭიანურება სერიოზულად აზიანებს სასამართლოს, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმის ეფექტიანობას და აყენებს გამოუსწორებელ ზიანს მოქალაქეების ინტერესებს.“
საია არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ სარჩელით და უახლოეს მომავალში გეგმავს სტრატეგიული სამართალწარმოების გაგრძელებას ემიგრანტების სხვა ჯგუფების სახელითაც, რათა სრულად იქნას დაცული საქართველოს მოქალაქეების საყოველთაო საარჩევნო უფლება.
საქართველოს პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება - „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კოდექსში ეს ცვლილება 2025 წლის ბოლოს დაამტკიცა და მთავარ არგუმენტად უცხოური გავლენების თავიდან აცილების აუცილებლობა დაასახელა. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ საკანონმდებლო ცვლილების რეალური მიზეზი ვიწროპარტიული ინტერესებია.
აღსანიშნავია, რომ ბოლოს ჩატარებულ, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, „ქართულმა ოცნებამ“ საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე ხმების მხოლოდ 13.49% მიიღო.
