მინერალური და სასმელი წყლის მწარმოებელი კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლები 34-ე დღეა გაფიცულები არიან ხელფასის 30%-ით გაზრდის, უსაფრთხო და ღირსეული შრომის პირობების შექმნისა და საწარმოს გამართულად მუშაობის უზრუნველყოფის მოთხოვნით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
გაფიცულებს გუშინ კომპანიის მფლობელის წარმომადგენლები შეხვდნენ და დაჰპირდნენ, რომ სამართლიანი მოთხოვნების დიდ ნაწილს დააკმაყოფილებენ.
როგორც „საქართველოს ამბებს“ პროფკავშირ „ლაბორის“ ხელმძღვანელმა, გიორგი დიასამიძემ უთხრა, გუშინვე სამსახურიდან გაათავისუფლეს საწარმოს ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებული სამი ადამიანი, რაც გაფიცვის დღიდან, გაფიცულების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.
„ეს ადამიანები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ დასაქმებულთა მიმართ და მათ გამო ხდებოდა დაპირისპირებები, პროვოკაციები. ამ ხნის განმავლობაში თითქმის ყველა გაფიცული ნამყოფია ბაღდათის პოლიციაში. მათგან ორი ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობისთვის ჰყავდათ დაკავებული, თუმცა სასამართლომ მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა და გაათავისუფლა. პოლიციაში კიდევ ექვსი ადამიანია დაბარებული. ალბათ, გუშინ სწორედ იმ გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა უჩივლეს, სავარაუდოდ, ქარხნის შესასვლელის ბლოკირების გამო“, - ამბობს გიორგი დიასამიძე.
მისი ინფორმაციით, „საირმის“ მფლობელის წარმომადგენლებთან შეხვედრა დღესაც გაიმართება. ორივე მხარის პოზიციაა, რომ ორშაბათამდე გაფიცვა ურთიერთშეთანხმებით დასრულდეს.
„გაფიცულებს ბოდიში მოუხადეს, რომ ამ პირობებში უწევდათ პროტესტის გამოხატვა, რომ არ იცოდნენ სიმართლე და ახლა გაიგეს. გაფიცვა გაგრძელდება მანამ, ვიდრე შეთანხმება არ იქნება. შეთანხმება კი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ამ საწარმომაც იმუშაოს და ხალხიც იყოს დასაქმებული“, - აღნიშნა დიასამიძემ.
მძიმე შრომითი პირობებითა და დაბალი ხელფასით უკმაყოფილო 35-მა თანამშრომელმა გაფიცვა 13 თებერვალს გამოაცხადა, რასაც წინ კომპანიასთან უშედეგოდ დასრულებული მედიაციის პროცესი უძღოდა. პროტესტი თოვლსა და ყინვაში, 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. დამსაქმებელი გაფიცულ თანამშრომლებს იანვრის ხელფასს არ ურიცხავდა და მათ პროფკავშირის დატოვებას სთხოვდა. „საირმე მინერალ ვოთერსის“ დირექტორის მოადგილემ, ლევან კასრაძემ გაფიცვიდან დაახლოებით ორ კვირაში დასაქმებულებს ულტიმატუმი წაუყენა - კომპანია მოლაპარაკებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა, თუ მასში გიორგი დიასამიძე მონაწილეობას არ მიიღებდა. კასრაძის თქმით, გაფიცულების, უფრო კი დიასამიძის ინტერესი რეალური შედეგის მიღება არ იყო.
20 თებერვალს, პროფკავშირმა „ლაბორმა“ საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა და კომპანიის მხრიდან გაფიცული დასაქმებულების მიმართ, პროფკავშირის წევრობის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენა ითხოვა. როგორც გიორგი დიასამიძე ამბობს, სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა დაწყებულია. კომპანიამ დასაქმებულებს იანვრის ხელფასი მხოლოდ სახალხო დამცველისთვის მიმართვის შემდეგ ჩაურიცხა.
„საირმე მინერალ ვოთერსის“ დირექტორი რუსეთის მოქალაქე იანინა მაშკოვაა. კომპანიის წილების 92%-ს 1998 წელს დაბადებული, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქე იაკოვ გვიჩია ფლობს. დანარჩენი 8% ასევე რუსეთის მოქალაქეების გია გვიჩიას და მისი მეუღლის, ხათუნა გვიჩიას საკუთრებაშია. გია გვიჩია „საირმე მინერალ ვოთერსის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრიცაა. ის სანქტ-პეტერბურგში მსხვილი ბიზნესმენია. არის ლენინგრადის ოლქში მოქმედი „ვიბორგ ტერმინალის“ პრეზიდენტი და კომპანიის 51%-იანი წილის მფლობელი.