„ქართული ოცნების“ პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება. ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტსა და რიგ კანონებში შედის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
- 3 პოლიციის აკადემიის რექტორად სავარაუდო კორუფციაში მხილებული ლელა ჩიქოვანი დაინიშნა
- 4 პატიმრის ადვოკატი: „სახის არცერთი ძვალი მთელი არ აქვს, ეს აღწერილი არაა და რატომ, გაუგებარია“
- 5 მზია ამაღლობელს კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს დააბრუნებენ
- 6 მოიპოვებენ თუ არა საქართველოში ტაილანდელი ქალებისგან კვერცხუჯრედებს იძულებით
დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, საპროკურორო საბჭოს, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესში, ასევე, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესარჩევ კონკურსში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობა სავალდებულო აღარ იქნება.
ცვლილებებით უქმდება პარლამენტის რეგლამენტის 208-ე მუხლი, რომელიც კონკურსის გზით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესს განსაზღვრავდა და პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობის სავალდებულოობას ადგენდა.
„კონკურსი მთლიანად უქმდება. ფრაქციებს და უფრაქციო პარლამენტის წევრების არანაკლებ 7-კაციან ჯგუფს ექნება თითო კანდიდატის წარდგენის უფლება“, - განაცხადა არალეგიტიმურ პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
გარდა ამისა, სავალდებულო აღარ იქნება არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის მონაწილეობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოში, რომელიც მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხს განიხილავს.
გაუქმდება მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის მონაწილეობის სავალდებულოობაც.
მათიკაშვილმა, რომელიც კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორიც არის, არასამთავრობო ორგანიზაციები დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში დაადანაშაულა.
„არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა უდიდესი ნაწილი ფინანსდება უცხოეთიდან, უცხო ქვეყნის სახელმწიფოებიდან და ორგანზიაციებიდან, როგორც წესი, სამწუხაროდ, ახორციელებენ არა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, არამედ იმ ქვეყნების, იმ ორგანზიაციების ინტერესებს, რომელთა მიერაც ხდება მათი დაფინანსება.
იმ მცირე მოცულობის კეთილ საქმესთან ერთად, ძალიან დიდი ოდენობით და დიდი დოზით, სამწუხაროდ, ჩვენ გავხდით მოწმე იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი, რომლებსაც მდიდარ ენჯეოებს ვეძახით, ანტიეროვნულ და დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდნენ.
ეს ყველაფერი გაცხადდა და დადასტურდა USAID-ის სკანდალის ფონზე, როდესაც პირდაპირ იქნა დადასტურებული ყველა ის ეჭვი და პოლიტიკური წიაღსვლა, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას უკვე რამდენიმე წელია გააჩნია.
[...] ჩვენ, წლების განმავლობაში გვქონდა შესაბამისი მიმართულება და ტენდენცია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა უშუალოდ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღებაში ყოფილიყო აუცილებელი, სავალდებულო და ეს საკანონმდებლო წესით იყო გაწერილი. თუმცა, დღეს სრულიად ნათელი და ცალსახაა, რომ იმ ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში, რომელთა საქმიანობა, სამწუხაროდ, არა ქვეყნის განვითარების, ეროვნული და დემოკრატიული მიზნების მიღწევის, არამედ ამ ყველაფრის კონტრპროდუქტიული მიზნების მიღწევისთვის არის გათვალისწინებული, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ამოცანებს და არც საქართველოში დემოკრატიის განვითარებას“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
ეს არ არის ერთადერთი კანონპროექტი, რომელსაც „ქართული ოცნება“ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის უფრო მეტად შესაზღუდად იღებს. რუსული კანონის დამტკიცებიდან რვა თვეში, პარტიამ არალეგიტიმურ პარლამენტში „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ დააინიცირა.
