საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დასაქმებულები აცხადებენ, რომ 2025 წლის იანვრიდან შრომითი ხელშეკრულებები აღარ უგრძელდებათ. ისინი სააგენტოს გადაწყვეტილებას, რომელის შესახებაც 30 დეკემბერს, გვიან საღამოს შეიტყვეს, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ „ქართული ოცნების“ პოზიციის გაპროტესტებას და აქციებზე სიარულს უკავშირებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 სოზარ სუბარი პოლიციელების ხელფასების 20%-ით გაზრდას ითხოვს
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 „ძლიერი საქართველოს“ წევრები ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი დააკავეს
- 6 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
„რამდენიმე საათის წინ სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ჩემთან ხელშეკრულებას აღარ გააგრძელებს, რის მიზეზადაც ჩემი, როგორც კადრის, საჭიროების არ არსებობა დასახელდა. რა თქმა უნდა, ამის არავის სჯერა. როგორც ჩანს, ამოქმედდა „კანონი შემცირებებთან“ დაკავშირებით.
ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ხელი მოაწერა პეტიციას, რომლითაც ვგმობდით ძალადობას, ჩვენს თანამოქალაქეებზე და ვითხოვდით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის აღსრულებას.
ჩემთან ერთად გაუშვეს არაერთი ადამიანი, მათ შორის ქუთაისის ოფისიდან, ვისაც ასევე ჰქონდა პეტიციაზე ხელი მოწერილი. ეს ყველაფერი მოხდა სრულიად გაუფრთხილებლად, ახალი წლის წინა ღამით. [...] მივმართავ ჩემს ყოფილ კოლეგებს: ის, რაც დღეს მოხდა, არის დაშინებისა და რეპრესიების კლასიკური მაგალითი და თუ დღეს ამას ვინმე შეეგუება, შემდეგი შეიძლება თვითონ იყოს“, - აცხადებს ელზა გელაძე.
საჯარო რეესტრი ხელშეკრულებას არც ანი გურასაშვილს უგრძელებს. როგორც ის ამბობს, ჰქონდა მოლოდინი, რომ უწყება მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებდა.
„ეს გადაწყვეტილება ცალსახად უკავშირდება ჩემ მიერ დაფიქსირებულ საჯარო პოზიციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მე ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც რეესტრის თავმჯდომარე შეგვხვდა თანამშრომლებს და პირდაპირ მოგვთხოვა მხარის არჩევა ან ვყოფილიყავით ლოიალური მთავრობისადმი, ან პირდაპირ გვეთქვა, რომ აღარ გვსურდა სისტემაში მუშაობა. შეკითხვის ფორმა: „აღიარებთ თუ არა ხელისუფლების ლეგიტიმურობას?“, გარდა იმისა, რომ ცალსახად თანამშრომლებზე ზეწოლას ნიშნავს, სამართლებრივადაც აბსურდია. მე ახლაც, ცხადია, იმავე აზრზე ვარ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება“, - ამბობს გურასაშვილი.
ორწლიანი თანამშრომლობის შემდეგ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მუშაობას ვეღარ გააგრძელებს მერი თაგოშვილიც.
„არასამუშო დროს, 21:08 საათზე, სატელეფონო კომუნიკაცისა და მეილის საშუალებით მეცნობა, რომ საჯარო რეესტრსა და ჩემს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა და ორგანიზაცია დარჩენილი სამუშაოების მცირე მოცულობიდან გამომდინარე, მოკლებულია შესაძლებლობას გააფორმოს ახალი შრომითი ხელშეკრულება“, - ამბობს მერი თაგოშვილი. ისიც მიიჩნებს, რომ შრომითი ხელშეკრულების არ გაგრძელება მის მიერ პეტიციაზე ხელმოწერას და „ქართული ოცნების“ ანტიევროპული გადაწყვეტილებისგან გამიჯვნას უკავშირდება.
Facebook-ის ჯგუფ „დაიტოვეში“ მსგავსი შინაარსის არაერთი პოსტი დაიწერა. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება არ გაუკეთებია.
როგორც ცნობილია, ათზე მეტი თანამშრომელია გათავისუფლებული დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან, რომელიც სააჯარო რეესტრის მსგავსად, იუსტიციის სამინისტროს ექვემდებარება. გათავისუფლებული სოციალური მუშაკების ნაწილმა სასამართლოს უკვე მიმართა.