მთავრობა მოითხოვს, რომ პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილოს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში სუროგაციას და ინ-ვიტრო განაყოფიერებას დაარეგულირებს. ამის შესახებ დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„არის სპეკულაციები, რომ რაღაც კანონმდებლობა რეგისტრაციასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებობს, ახალშობილი ბავშვები რეგისტრირდებიან, მშობლებიც მიეთითება და ა.შ. ამის მიუხედავად, არსებობს ძალიან ბევრი შესაძლებლობა, რომ ბავშვი დაბადებამდე მოხვდეს ქვეყნის გარეთ და დაიბადოს სხვა ქვეყანაში - იქ, სადაც აქვთ ამ ბავშვის გაშვილების - არ მინდა ვთქვა, მაგრამ რეალურად არის გასხვისების - პოტენციური მოლოდინი და სადაც, სამწუხაროდ, ეს კომერციულ ნაწილად იქცა. ასეთი გზით საქართველოდან გადის როგორც ქართული გენი, ასევე საქართველოს მოქალაქეებს იყენებენ სხვადასხვა ასეთი არასწორი მიზნებისთვის. აქედან გამომდინარე, ეს შეიზღუდება და მომდევნი წლის 1-ელი იანვრიდან ეს იქნება დაშვებული მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა ბრიფინგზე.
ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა კანონპროექტი რესპრესიული კლინიკების მიმართ, რომლებიც შიშობენ, რომ შესაძლოა დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ და სუროგაციის სფეროში განვითარება შეფერხდეს, მინისტრმა უპასუხა:
„ნებისმიერი მოქმედება, რომელიც შეიძლება ძალიან მაღალ რისკებს შეიცავდეს, გაშვილებასთან, ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით, ნებისმიერი ეს შესაძლებლობა არასწორი ბიზნესის კეთების ჩვენ უნდა შევზღუდოთ, ავკრძალოთ და თუ საჭიროა, ასეთი კლინიკები თუ ცენტრები უნდა დაიხუროს“.
აზარაშვილის თქმით, ამ დრომდე, კლინიკები ყველანაირი რეგულაციისა და კონტროლის გარეშე ფუნქციონირებდნენ.
მთავრობამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან სუროგაცია და ინ-ვიტრო განაყოფიერება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული. კანონპროექტის შესახებ ინფორმაცია 12 ივნისს, მთავრობის სხდომაზე გავრცელდა.
„უცხოეთის მოქალაქე ვეღარ შეუკვეთავს, ასე ვთქვათ, უხეშად არ მინდა ვთქვა, მაგრამ ხდება პირდაპირ შეკვეთის განთავსება. ეს ონლაინაც არის, ძალიან ბევრი რეკლამაც ვრცელდება და ვფიქრობ, ძალიან შემაშფოთებელია ამ საკითხის რეგულირების გარეშე დატოვება. ამას წინათ გვქონდა ჩვენ მთავრობის სხდომაზე მსჯელობა ამასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი რეკლამები ვრცელდება და ჩვენს მოქალაქეებს, ქალბატონებს სთავაზობენ ე.წ. სარფიან ბიზნესს. შემდეგ არავინ არ იცის აქ დაბადებული ბავშვი ვის გაჰყავს, რომელ წყვილს გაჰყავს, არსებობს ინფორმაციები, შეიძლება ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ აქ დაბადებული ბავშვები, და უამრავი პრობლემა შეიძლება იყოს. სხვა სირთულეებსაც გადააწყდა ჯანდაცვის სამინისტრო. ამიტომ, ამას სჭირდება რეგულირება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც ამ დროისთვის არის ცნობილი, კანონით სუროგატი დედის ანაზღაურებაc დარეგულირდება. „საქართველოს მოქალაქე, ვისაც სურს იყოს დონორი ან სუროგატი, უნდა მოქმედებდეს უანგარობის პრინციპიდან გამომდინარე“, - თქვა ზურაბ აზარაშვილმა.
კანონი სუროგაციის და ინ-ვიტრო განაყოფიერების რეკლამასაც აკრძალავს.