საქართველოს მთავრობა აპირებს 2024 წლის 1-ელი იანვრიდან სუროგაცია და ინ ვიტრო განაყოფიერება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აკრძალოს. ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადეს. მთავრობას შესაბამისი კანონპროექტი მზად აქვს და პარლამენტში მიმდინარე კვირაში დაარეგისტრირებს. საკანონმდებლო პროცედურების დასრულება შემოდგომაზე იგეგმება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩები არ მიიწვია
- 4 ასლან ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია დატოვა
- 5 შევეცდებით ხარვეზი აღმოვფხვრათ - მდინარაძე პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებაზე
- 6 დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში - ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სუროგაციის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადება მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა. როგორც მან თქვა, ეს საკითხი საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს და „უკავშირდება მოქალაქეების უსაფრთხოებას, ქვეყნის იმიჯს“.
„რამდენიმე ხნის წინ ჩვენ შევქმენით დემოგრაფიის საკითხებზე მომუშავე საბჭო. ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რაც გამოიკვეთა, ეს არის სუროგაცია და ზოგადად, ამასთან დაკავშირებული პრობლემები. იცით, რომ უცხოეთიდან, უცხოეთის მოქალაქეებს ბიზნესად აქვთ ქცეული ეს საკითხი და ბოლო წლებია, საერთოდ არავითარი რეგულაცია არ არსებობს ამასთან დაკავშირებით. ჩვენ შევისწავლეთ ევროპის მაგალითები. ისეთ მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, როგორიც არის საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი შვეიცარია, შვედეთი, ფინეთი, იტალია, ლიეტუვა, ესტონეთი, აღარ გავაგრძელებ - მთლიანად არის აკრძალული სუროგაცია. არის ქვეყნები, სადაც ნაწილობრივ არის დაშვებული, ჰიბრიდული მოდელი არსებობს - მაგალითად, ბელგია, გაერთიანებული სამეფო, დანია კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია.
ახალი კანონპროექტის მიხედვით, ჩვენი სურვილია, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული, ანუ უცხოეთის მოქალაქე ვეღარ შეუკვეთავს, ასე ვთქვათ. უხეშად არ მინდა ვთქვა, მაგრამ ხდება პირდაპირ შეკვეთის განთავსება. ეს ონლაინაც არის, ძალიან ბევრი რეკლამაც ვრცელდება და ვფიქრობ, ძალიან შემაშფოთებელია ამ საკითხის რეგულირების გარეშე დატოვება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ქალბატონებს „სარფიან ბიზნესს“ სთავაზობენ, შემდეგ არავინ არ იცის საქართველოში დაბადებული „ბავშვი ვის გაჰყავს, საერთოდ რომელ წყვილს გაჰყავს“.
„არსებობს ინფორმაცია, რომ შეიძლება ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ აქ დაბადებული ბავშვები და უამრავი პრობლემა შეიძლება იყოს. სხვა სირთულეებსაც გადააწყდა ჯანდაცვის სამინისტრო. ამიტომ ამას სჭირდება რეგულირება.
ეს დაშვებული იქნება მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის. ბევრი არის მსურველი, ვისაც შვილი არ უჩნდება, ამიტომ მიმართავენ სუროგაციის მეთოდს და, რა თქმა უნდა, მათთვის ეს უნდა იყოს დაშვებული - საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველოში. ეს, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ დაეხმარება დემოგრაფიას და ზოგადად, ვფიქრობთ, ეს შესაძლებლობა უნდა დავუტოვოთ ჩვენს მოქალაქეებს“.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა დაამატა, რომ შეზღუდვები არა მხოლოდ სუროგაციას, არამედ ინ ვიტრო განაყოფიერებასაც შეეხება.
„დემოგრაფიულ პრობლემასთან დაკავშირებით ქვეყანაში ბევრ ღონისძიებას მივმართავთ და ეს თუ შეიძლება იყოს ერთ-ერთი საშუალება, შესაძლებლობა დემოგრაფიული მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გამრავლების, ვტოვებთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, როგორც ინ ვიტრო განაყოფიერებას, ასევე სუროგაციას“, - თქვა აზარაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ მიმართულების დაურეგულირებლობა დაკავშირებული იყო „არაეთიკურ და ძალიან ცუდ პრაქტიკასთან“: „ბევრს სხვადასხვა საშიშროებას აჩენდა, იგივე, ბავშვებით ვაჭრობასთან დაკავშირებით შეიძლება ყოფილიყო (არ მინდა მტკიცებით ფორმაში ვისაუბრო) აქ ასეთი სამწუხარო ფაქტები. ასევე, ძალიან დიდი გამოწვევაა ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით. ახლა მკაფიოდ გვაქვს ჩანაწერი, რომ ეს შეეხება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს. ამ კანონშივეა ჩანაწერი, რომ ყველა სახის რეკლამა იკრძალება ქვეყანაში, რადგანაც სხვადასხვა სოციალური ქსელებით, სხვადასხვა საშუალებებით, ქუჩაში, მეტროებში, სამწუხაროდ, არის შეთავაზებები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, სუროგაციასთან ან ინ ვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებით. ეს სამწუხარო პრაქტიკა ამით დარეგულირდება და მოისპობა“.
როგორც ზურაბ აზარაშვილი ამბობს, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სურს იყოს დონორი ან სუროგატი, უანგარობის პრინციპით უნდა მოქმედებდეს.
„მნიშვნელოვანი და პრინციპული, რაც ამ კანონით რეგულირდება, არის უანგარობის პრინციპი. საქართველოს მოქალაქე, ვისაც სურს იყოს დონორი ან სუროგატი, უნდა მოქმედებდეს უანგარობის პრინციპიდან გამომდინარე და მხოლოდ და მხოლოდ ის კომპენსაცია მიიღოს, რაც ამ პროცესთან დაკავშირებით უხერხულობას შეიძლება ახლდეს თან, ან სამედიცინო გამოკვლევებს, ან მშობიარობასთან დაკავშირებულ ხარჯებს“, - განაცხადა მან.
ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ხუთი წლის წინ სუროგაციითა და ინ ვიტრო განაყოფიერებით ბავშვის გაჩენის, ჯამში, დაახლოებით 1000 შემთხვევა იყო, დღეს კი წელიწადში 2000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება - „გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ძვირადღირებული პროცესი, დამკვეთები ძირითადად არიან არა საქართველოს მოქალაქეები“.
სუროგაციას და ინ ვიტრო განაყოფიერებას მიმართავენ წყვილები, ვისაც ბავშვის გაჩენა არ შეუძლიათ. ინ ვიტრო განაყოფიერების დროს კვერცხუჯრედის (ბიოლოგიური დედის ან დონორის) განაყოფიერება სხეულის გარეთ ხდება და შემდეგ გადააქვთ საშვილოსნოში. როდესაც ბიოლოგიურ დედას თავად არ შეუძლია ნაყოფის ტარება, სუროგატს მიმართავენ. ამრიგად, განაყოფიერებული კვერცხუჯრედები იმპლანტირებულია სუროგატის საშვილოსნოში. ამ დროს სუროგატს ბავშვთან ბიოლოგიური კავშირი არ აქვს. ასევე, შესაძლებელია, რომ სუროგატი ერთდროულად იყოს კვერცხუჯრედის დონორიც და ნაყოფის მატარებელიც.