„საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს“ - კულება სააკაშვილის საკითხზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ სასამართლო სხდომიდან მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელების შემდეგ, „ყველაფერმა დუღილის წერტილს მიაღწია“ და კიევმა „მკვეთრი, მაგრამ სამართლიანი ნაბიჯი“ გადადგა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„როდესაც სახელმწიფო რაიმეთი უკმაყოფილოა, რეაგირების პირველი ეტაპი პროტესტის გამოხატვაა, მეორე ეტაპია კონსულტაციებისთვის ელჩის გაწვევა, ხოლო მესამე, რამდენიმე საფეხურით უფრო მკაცრი რეაქცია, არის ამ ქვეყნის ელჩისთვის მიმართვა, უკრაინიდან საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდეს და მთავრობასთან კონსულტაციები გამართოს. დიპლომატიაში ეს უკიდურესად მკაცრი ფორმაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს“, - განაცხადა კულებამ.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს ელჩს სამინისტროში დღეს გამოიძახებენ, რის შემდეგაც „მასთან შესაბამისი საუბარი ექნებათ“.

„მან თავის მთავრობასთან უნდა გაიაროს კონსულტაცია, სად მიდის საქართველო ზოგადად, რატომ ანგრევენ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს და რა უნდა გააკეთონ მათ გადასარჩენად“, - აღნიშნა მინისტრმა.

დმიტრო კულებას თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის სიკვდილით დასჯა სურს პირადი სიძულვილისა და შურისძიების გამო, მოქმედებენ რა „ძველი სტალინური მეთოდით - არ არის ადამიანი, არ არსებობს პრობლემა“.

„თუ სააკაშვილს საშინაო პოლიტიკისთვის საფრთხედ მიიჩნევენ, მისცენ მას საქართველოდან გამგზავრების საშუალება, დაე, მშვიდად იცხოვროს უკრაინაში ან მსოფლიოს სხვა ქვეყანაში და გააგრძელონ იქ ცხოვრება, გააგრძელონ რუსეთთან დაახლოება, თუ ასე უნდათ, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ბრმა, უბრალოდ სასტიკ პოლიტიკას - მიიყვანონ ის სიკვდილამდე“.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, თებერვლის შემდეგ პირველად, საკუთარ სასამართლო პროცესზე 3 ივლისს გამოჩნდა. ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ის კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

დღის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს და საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, დაიბაროს საქართველოს ელჩი უკრაინაში, გამოხატოს მკაცრი პროტესტი და სთხოვოს მას, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, თბილისში კონსულტაციების გასამართად.

„ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს შეურაცხყოფა და დათანხმდეს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას. მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, მოაგვარონ ეს ვითარება, არ მოახდინონ იგნორირება და გადაარჩინონ ეს ადამიანი. ევროპაში არცერთ მთავრობას არ აქვს ადამიანის სიკვდილით დასჯის უფლება, სიცოცხლე არის ძირითადი ევროპული ღირებულება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

სააკაშვილი 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს. ის დამნაშავედ ცნობილია და ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შეწყალების საქმეებზე. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია საზღვრის უკანონო კვეთის, ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე. მესამე პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს, ამბობს, რომ პოლიტიკურად იდევნება და პუტინის ტყვეა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.