„ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი ამ მდგომარეობაშია“ - სააკაშვილი პროცესზე გამოჩნდა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი თებერვლის შემდეგ პირველად საკუთარ სასამართლო პროცესზე გამოჩნდა. ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ის კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მან მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ხელისუფლება ბოდიშს ითხოვს ყველასგან, ვინც წელიწადნახევრის განმავლობაში ქვეყნის შიგნით და გარეთ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „სიყალბეს“ და „დეზინფორმაციას“ ავრცელებდა.

„თურმე ევროპამ ბოდიში უნდა მოიხადოს, ევროპარლამენტმა, რომ ითხოვენ ჩემ გათავისუფლებას. მინდა ვუთხრა ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარეს, თქვენ უნდა მოიხადოთ ბოდიში, რომ აი, ამ მდგომარეობამდე მომიყვანეთ. ბოდიში უნდა მოიხადოთ თქვენ ევროპარლამენტარების წინაშე, ჩემ წინაშე, ჩემი ოჯახის წინაშე, უკრაინის სახელმწიფოს წინაშე, რომ მისი მოქალაქე ამ მდგომარეობაში არის, ყველა ქართველის წინაშე, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი არის ამ მდგომარეობაში ჩაყენებული“, - განაცხადა სააკაშვილმა და საკუთარი მდგომარეობის საჩვენებლად მაისური აიწია.

დღევანდელი პროცესზე მან „ღია დებატებიც“ მოითხოვა: 

„რატომ გეშინიათ, ღია მიმართვა რომ იყოს, მომეცით საშუალება დებატებში მივიღო მონაწილეობა და ხალხმა გადაწყვიტოს, თქვენ ხართ მართლები, თუ - მე. თუ გინდათ, რკინის „ბრასლეტი“ დამადეთ, რომ არსად გაგექცეთ. რატომ ეშინიათ იმის, რომ სააკაშვილს ღიად შეხვდნენ დებატებში, ხალხმა გადაწყვიტოს, თქვენ ხართ მართლები, თუ - მე ვარ მართალი, ჩვენი გზა იყო სწორი, თუ - თქვენი გზაა სწორი, ეს ჩიხია უბედურება, თუ ჩვენ გვჭირდება სხვა ახალი რაღაც, ეს ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს. ნუ ართმევთ ქართველ ხალხს საშუალებას, თვითონ გააკეთონ არჩევანი, ღია დებატებში შევიდე, ღია თამაშში შევიდე... ვითხოვ ერთადერთს - ღია კამათს! ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ გადაწყვიტოს, ვინ არის ჩვენ შორის მართალი“.

სააკაშვილის თქმით, ის შეიძლება ფიზიკურად სუსტად იყოს, მაგრამ ძალიან ძლიერია შიგნიდან. 

მიხეილ სააკაშვილი უკვე ერთ წელზე მეტია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. 2023 წლის აპრილში, მისმა ადვოკატებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე მიმართეს. 12 მაისს, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპულმა სასამართლომ უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე და ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა, ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსება. ბრეგაძის თქმით, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფოს ყველა მოქმედება იყო „კორექტული და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი“. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განმარტებით, ეს გადაწყვეტილება სააკაშვილის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ არის და თავიდანვე ესმოდათ ის, რომ სტრასბურგის სასამართლო დროებით ღონისძიებას ერთეულ შემთხვევებში იყენებს.

მანამდე, 6 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პატიმრის სასჯელისგან გათავისუფლების ან მისი გადავადების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. სააკაშვილის გათავისუფლების და სასჯელის გადავადების მოთხოვნას საფუძვლად ცენტრ „ემპათიის“ და საერთაშორისო სამედიცინო საექსპერტო კომისიის დასკვნა ედო.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასა და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვდა ევროპარლამენტიც. 14 დეკემბერს მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება. სააკაშვილის შეწყალების მოწოდებით ევროპარლამენტარებმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსაც მიმართეს.

სააკაშვილი 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს. ის დამნაშავედ ცნობილია და ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შეწყალების საქმეებზე. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია საზღვრის უკანონო კვეთის, ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე.  მესამე პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს, ამბობს, რომ პოლიტიკურად იდევნება და პუტინის ტყვეა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.