„ჟრიამული, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და ხელისუფლებამ ატეხა, საფუძველს მოკლებულია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტის უარი ეთქვა სამკურნალოდ საქართველოდან პოლონეთში გადაყვანაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
თუთბერიძის თქმით, დაცვის მხარისთვის ეს არ არის ყველაზე სასურველი შედეგი, თუმცა თავიდანვე ესმოდათ ის, რომ სტრასბურგის სასამართლო დროებით ღონისძიებას ერთეულ შემთხვევებში იყენებს.
„ეს გადაწყვეტილება არ არის საბოლოო გადაწყვეტილება სააკაშვილის საქმეზე. უფრო მეტიც, ეს გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ პასუხი დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის მოთხოვნაზე. ევროპულ სასამართლოში საქმის წარმოება მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვის გზით, თუმცა, იმის გამო, რომ ჩვენ გვსურდა გამოგვეყენებინა ყველა - თუნდა ყველაზე მცირე მექანიზმიც კი იმისთვის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა დაცული ყოფილიყო ვიდრე სასამართლო საქმის არსებითად განხილვას დაიწყებდა, მოვითხოვეთ დაუყოვნებლივ მესამე პრეზიდენტის პოლონეთში გადაყვანა სამკურნალო მიზნებისთვის. სწორედ ამ შუამდგომლობაზე, ამ პროცედურულ საკითხზე მივიღეთ დღეს პასუხი.
სასამართლომ განაცხადა ერთადერთი რამ - რომ საქმის არსებითად განხილვამდე, არსებითი გადაწყვეტილების მიღებამდე, არ მიაჩნია მიზანშეწონილად, რომ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. ბუნებრივია, ეს არ არის სასურველი შედეგი დაცვის მხარისთვის და ჩვენ სხვა შედეგის იმედი გვქონდა, თუმცა ეს ნამდვილად არ არის რაიმე ბრძოლაში გამარჯვება საქართველოს ხელისუფლებისთვის. უფრო მეტიც, მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილის საჩვარს ექნება ძალიან მძიმე შედეგები საქართველოს ხელისუფლებისთვის და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ სტრასბურგის სასამართლო ამ საქმეზე დარღვევას დაადგენს“, - თქვა თუთბერიძემ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.
ადვოკატის ინფორმაციით, ევროსასამართლოში წარდგენილი საჩივარი შეეხება ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებების, მათ შორის, წამების აკრძალვისა და სიცოცხლის უფლების დარღვევას:
„სასამართლო საქმის არსებითად განხილვის დროს იმსჯელებს იმაზე, დაირღვა თუ არა სააკაშვილის უფლებები. მან ერთგვერდიან პასუხში, რომელიც დღეს მივიღეთ, ერთადერთი რამ დაწერა - რომ ამ ეტაპზე, მიზანშეუწონლად მიაჩნია, მთავრობას დაავალოს სააკაშვილის გადაყვანა ვარშავაში. ამას არ სჭირდება კუდების მობმა. ბრძოლა გრძელდება და დარწმუნებულნი ვართ, რომ დასრულდება სამართლიანობის გამარჯვებით“.
12 მაისს, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე და ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა, ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსება. ბრეგაძის თქმით, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფოს ყველა მოქმედება იყო „კორექტული და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი“.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ახალი რეპუტაციული ზიანი არ მიადგა, მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი განიხილება. „ამავე დროს, მიმაჩნია, რომ აუცილებელია, მომავალშიც უზრუნველყოფილი იყოს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი უკვე ერთი წელია, სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის ბოლო შეფასებით, მას გამოხატული აქვს მძიმე სარკოპენია (კუნთების განლევა), წონაში კლება და წნევის კრიტიკული ვარდნა, წონის მეტი კლების შედეგად პაციენტი საწოლზე მიჯაჭვული გახდება.
ყოფილი პრეზიდენტის დაცვის მხარემ დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე სტრასბურგის სასამართლოს აპრილის დასაწყისში მიმართა. მანამდე, 6 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პატიმრის სასჯელისგან გათავისუფლების ან მისი გადავადების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. სააკაშვილის გათავისუფლების და სასჯელის გადავადების მოთხოვნას საფუძვლად ცენტრ „ემპათიის“ და საერთაშორისო სამედიცინო საექსპერტო კომისიის დასკვნა ედო.
მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს. ის დამნაშავედ ცნობილია და ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შეწყალების საქმეებზე. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია საზღვრის უკანონო კვეთის, ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე. მესამე პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს, ამბობს, რომ პოლიტიკურად იდევნება და პუტინის ტყვეა.