მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი გაიგზავნა. ამის შესახებ ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ და ერთ-ერთმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ადვოკატის თქმით, სარჩელით მოთხოვნილია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლით დაცული უფლებების შელახვის ფაქტის დადგენა და ღონისძიებების მიღება.

„მოლოდინებთან დაკავშირებით საუბარი რთულია, თუმცა დაცვის მხარეს გვაქვს იმედი, რომ მოვახერხებთ ევროსასამართლოს დავანახოთ მდგომარეობა, რაც დღესდღეობით მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებითაა შექმნილი - ერთის მხრივ ის, რომ ის არის პოლიტიკური ტყვე, მეორეს მხრივ, მნიშვნელობა არ აქვს, რა საფუძველზეა თავისუფლება აღკვეთილი, ფაქტია, რომ სახელმწიფო მას ნელ-ნელა კლავს და თუ ძალიან სწრაფად არ განხორციელდა რაიმე ტიპის ჩარევა, შესაძლებელია მივიღოთ შედეგი, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელი იქნება“, - აღნიშნა თუთბერიძემ.

გიული ალასანიას თქმით, მათი სურვილია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის დროებით გადავადება მოხდეს.

მიხეილ სააკაშვილი მეთერთმეტე თვეა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, მას გამოხატული აქვს მძიმე სარკოპენია (კუნთების განლევა), წონაში კლება და წნევის კრიტიკული ვარდნა. უახლეს დასკვნაში აღნიშნულია, რომ წონის მეტი კლების შედეგად პაციენტი საწოლზე მიჯაჭვული გახდება. ნევროლოგ თენგიზ წულაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და სჭირდება ძალიან სერიოზული ჩარევები იმისთვის, რომ მისი სიცოცხლე გადარჩეს.

6 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პატიმრის სასჯელისგან გათავისუფლების ან მისი გადავადების თაობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 2 მარტს, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სააკაშვილის გათავისუფლების და სასჯელის გადავადების მოთხოვნას საფუძვლად ცენტრ „ემპათიის“ და საერთაშორისო სამედიცინო საექსპერტო კომისიის დასკვნა ედო.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს. ის დამნაშავედ ცნობილია და ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შეწყალების საქმეებზე. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია საზღვრის უკანონო კვეთის, ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე. მესამე პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ პოლიტიკურად იდევნება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.