სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მათი ბოლო ვიზიტის (19 თებერვალი) შემდეგ უფრო დამძიმებულია. კერძოდ, გამოხატულია მძიმე სარკოპენია (კუნთების განლევა), წონაში კიდევ 4 კილოგრამით კლება და წნევის კრიტიკული ვარდნა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ წონის მეტი კლების შედეგად პაციენტი საწოლზე მიჯაჭვული გახდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 6 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
კონსილიუმის წევრი ექიმები სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედში“ 2 აპრილს იმყოფებოდნენ.
„გადაადგილება მნიშვნელოვნად შეზღუდულია სისუსტის გამო. წამოდგომისას აღინიშნება წნევის ძლიერი ვარდნა 120/90-იდან 78/40-მდე, რასაც თან ერთვის წონასწორობის კარგვა და კოორდინაციის საგრძნობი მოშლა. აღსანიშნავია გონებრივი ფუნქციების მნიშვნელოვანი დაქვეითება, დეპრესია.
პაციენტი შესულია აქტიური კატაბოლიზმის ფაზაში. წონის მეტი კლების შედეგად ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება, რადგანაც მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები და სისუსტის გამო ვერ შეძლებს მოძრაობას.
მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები.
კვლავ ვლინდება პერიფერული და აუტონომიური ნეიროპათია, რაც წამოდგომისას იწვევს წნევის კრიტიკულ ვარდნას.
ამჟამად ზედამხედველობის გარეშე პაციენტის მოძრაობა სახიფათოა, რადგანაც ძალიან მაღალია დავარდნის, სხეულის დაზიანებისა/მოტეხილობების რისკი. ამ უკანასკნელის განვითარების შემთხვევაში, კახექსიური სხეულის რესურსი იმისათვის რომ ჭრილობა ან მოტეხილობა შეხორცდეს არის ძალიან დაბალი, რაც გამოიწვევს სხვა კრიტიკული გართულებების (სისხლჩაქცევა, ინფექცია, ღრმა ვენების თრომბოზი და ა.შ ) კასკადურ განვითარებას ლეტალური გამოსავლის მაღალი ალბათობით“, - აღნიშნულია ექიმი-ექსპერტების დასკვნაში.
„მდგომარეობა მძიმეა და სჭირდება ძალიან სერიოზული ჩარევები იმისთვის, რომ მისი სიცოცხლე გადარჩეს. აქედან უკვე ვერასდროს ვეღარ იტყვი, როდის და რა სისწრაფით დამძიმდება პაციენტი, პროგნოზირება ძნელია.
ჩვენ არაერთხელ ვთქვით და მე მგონი, „ვივამედის“ კლინიკაც ამ აზრზეა ახლა, რომ მისი მკურნალობა ამ კლინიკაში აღარ უნდა გაგრძელდეს. განსხვავებული აზრი ის არის, რომ ჩვენ ვფიქრობთ, სჯობს საზღვარგარეთ უმკურნალონ“, - განაცხადა ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ.
„მგონია, რომ საქართველოს პირობებში, სადაც ის თავს გრძნობს პატიმრად, როდესაც არ ეხსნება ის სტრესი, რამაც ეს დაავადება გამოიწვია, ნებისმიერ კლინიკაში იქნება იგივე რეზულტატი. რადიაციაში რომ მოხვდეს ადამიანი და დასხივება მიიღოს, ის უნდა გამოიყვანო ამ რადიაციული ზონიდან და მერე უმკურნალო. თუ რადიაციულ ზონაში დარჩება, მკურნალობა ხომ არ იქნება ეფექტური? ასეა ამ შემთხვევაშიც. ათი თვის მკურნალობის შედეგად, დღეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაცილებით უარესია, ვიდრე მაისში იყო, როდესაც ის ამ კლინიკაში შევიდა“, - თქვა ექსპერტთა ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა, რეანიმატოლოგმა გიორგი გრიგოლიამ.
კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესების მთავარ ფაქტორებად კვლავ შერჩევით, მცირე ოდენობით კვებას და ექიმების რეკომენდაციებს შეუსრულებლობას ასახელებს. ჩხაიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის „რაიმე განსაკუთრებული გაუარესება არ აღენიშნება“ და გარკვეულ მანძილზე დამოუკიდებლად გადაადგილებაც შეუძლია.
„მოწვეული გვყავდა სპეციალისტი, რეაბილიტოლოგი, რომელიც შესაბამის პროცედურებს ატარებდა, რომ კიდევ უფრო გააქტიურებულიყო, ეს ხელს უწყობდა კუნთოვანი მასის გააქტიურებას, მოძრაობაში გააქტიურებას და ა.შ. მაგრამ, სამწუხაროდ, პაციენტმა უარი განაცხადა ამ პროცედურების გაგრძელებაზე“, - უთხრა ჩხაიძემ ჟურნალისტებს.
შეკითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა უეცარი სიკვდილი, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ ეს თეორიული მსჯელობაა და მსგავსი გართულებისგან ჯანმრთელი ადამიანიც არ არის დაზღვეული: „რაიმე განსაკუთრებული საფუძველი საამისოდ არ არის - პაციენტი გადაადგილდება, შედარებით უფრო გააქტიურებულია და იმედს ვიტოვებთ, რომ ის უფრო მეტად შეასრულებს ჩვენს რეკომენდაციებს, ჩვენს დანიშნულებებს და მისი მდგომარეობა თანდათან კიდევ უფრო გაუმჯობესდება“.
მიხეილ სააკაშვილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედში“ 2022 წლის 12 მაისიდან არის მოთავსებული. კლინიკაში ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანეს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში 2022 წლის პირველი ოქტომბრიდან იმყოფება. მას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.