ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა, რომ ის სამკურნალოდ ვარშავაში ყოფილიყო გადაყვანილი. ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრიფინგზე გახდა ცნობილი. რატი ბრეგაძის თქმით, სასამართლომ არც საქართველოს დაავალა პატიმრის სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
„მსჯავრდებულ სააკაშვილის შემოსახლების პირველივე დღიდან დაიწყო, ხაზგასმით ვიტყვი, გაურკვეველი წყაროებიდან დაფინანსებული, მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა, საქართველო წარმოჩენილიყო ისეთ სახელმწიფოდ, რომელშიც თითქოსდა ვინმეს აწამებენ. ამ მიზნის მისაღწევად ადამიანთა ეს ჯგუფი იმაზეც კი წავიდა, რომ გაექეზებინათ მსჯავრდებული, რომ ჰქონოდა შიმშილობის 4 ეპიზოდი, არ დამორჩილებოდა ექიმთა რეკომენდაციებს, არ ემკურნალა და შესაბამისად, გაეუარესებინა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც სხვა არაფერია, თუ არა თვითდაზიანება.
ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნურად გაუარესების მოტივით თავისუფლების მოპოვების კამპანიის ფარგლებში სამართლებრივი დავა საქართველოში - როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოში - მსჯავრდებული სააკაშვილის დაცვის მხარისთვის არასასურველი შედეგით დასრულდა. შემდგომში მათ სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს და საბოლოოდ მოითხოვეს დროებით ღონისძიებად მიხეილ სააკაშვილის ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანა.
დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს საქმეში „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.
ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფოს ყველა მოქმედება მისი შემოსახლების დღიდან იყო კორექტული და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
რატი ბრეგაძის თქმით, თუ იქნება ექიმების რეკომენდაცია, რომ შესაძლებელია მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება, დააბრუნებენ. ამასთან, როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე სახის ობიექტური წინაპირობა იმისთვის, რომ ის ან სხვა კლინიკაში იყოს გადაყვანილი ან პენიტენციურ დაწესებულებაში.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს მედიასთან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
მიხეილ სააკაშვილი უკვე ერთი წელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის ბოლო შეფასებით, მას გამოხატული აქვს მძიმე სარკოპენია (კუნთების განლევა), წონაში კლება და წნევის კრიტიკული ვარდნა, წონის მეტი კლების შედეგად პაციენტი საწოლზე მიჯაჭვული გახდება.
ყოფილი პრეზიდენტის დაცვის მხარემ დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე სტრასბურგის სასამართლოს აპრილის დასაწყისში მიმართა. მანამდე, 6 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პატიმრის სასჯელისგან გათავისუფლების ან მისი გადავადების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. სააკაშვილის გათავისუფლების და სასჯელის გადავადების მოთხოვნას საფუძვლად ცენტრ „ემპათიის“ და საერთაშორისო სამედიცინო საექსპერტო კომისიის დასკვნა ედო.
მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს. ის დამნაშავედ ცნობილია და ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შეწყალების საქმეებზე. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია საზღვრის უკანონო კვეთის, ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე. მესამე პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს, ამბობს, რომ პოლიტიკურად იდევნება და პუტინის ტყვეა.