საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის მესამე ტესტ-მატჩი უელსის ნაკრების წინააღმდეგ, კარდიფში გამართა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა მასპინძელი უელსის ნაკრები 13:12 დაამარცხა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 რუსთავის ქარხნებთან მტვერში ტყვია, კადმიუმი და ქრომი ნორმაზე 24-ჯერ, 26-ჯერ და 30-ჯერ მეტია – კვლევა
- 6 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
მატჩის პირველი ტაიმი შეხვედრის მასპინძლებმა 12-3 მოიგეს. მეორე ნახევარში „ბორჯღალოსნებმა“ მატჩში დაბრუნება მოახერხეს და დრამატულ ბოლო წუთებში იმარჯვეს. გადამწყვეტი სამი ქულა საჯარიმო დარტყმით საქართველოს ნაკრებს ლუკა მატკავამ მოუტანა.
ლევან მაისაშვილის გუნდმა ისტორიაში პირველად მოახერხა უელსის ნაკრების დამარცხება. ქართველმა მორაგბეებმა ნოემბერში გამართული სამი ტესტ-მატჩიდან ორის მოგება მოახერხეს.
„ლაპარაკიც ზედმეტია იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ეს თამაში. ასეთ გუნდებს ახასიათებთ, რომ თავიდანვე მოახდინონ ეფექტი და ძალიან მაგრად დაგვარტყან, ხშირ შემთხვევაში ამით შედეგს აღწევენ. ჩვენი გეგმაც ეს იყო, რომ პირიქით, ჩვენ გაგვეკეთებინა ეს და ნამდვილად მოვახერხეთ. პირველივე წუთებში გვქონდა შანსი, რომ ლელო გაგვეტანა, პირველი ქულებიც ჩვენ ავიღეთ, თუმცა ამის შემდეგ, სამწუხაროდ დაშვებული რამდენიმე შეცდომის შედეგად მდევრის როლში აღმოვჩნდით, მაგრამ ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბოლომდე იყო თამაშის გეგმის რწმენა, იყო პატარა შეცდომები, მაგრამ მთლიანობაში ჩვენთვის სასიკეთოდ დამთავრდა. თამაშის მართვა მეორე ტაიმში უკეთესად მოვახერხეთ. შემცვლელებმა ძალიან დიდი ძალა შემოიტანეს და არ გავუშვით ხელიდან ეს შანსი“, - განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.
მატჩის შემდეგ უელსელთა კაპიტანმა ჯასთინ ტიპურიკმა Prime Video-სთან კომენტარი გააკეთა: „შედეგით იმედგაცრუებული ვარ. მეორე ტაიმში ვერაფერი შევძელით.
ქართველები ჩვენზე უკეთესები იყვნენ. მათთან წაგება სასიამოვნო არაა, თუმცა თავიანთი შანსები მაქსიმალურად გამოიყენეს და გამარჯვება შეძლეს.
დისციპლინაში მოვიკოჭლებდით. საქართველოს ნაკრებს ფიზიკურად ძლიერი მორაგბეები ჰყავს და როდესაც ხაზს უახლოვდებიან, მათი შეჩერება რთული ხდება. სიტუაციის გამოსწორების შანსი, მომდევნო კვირას ავსტრალიასთან გვექნება“.
