დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი ევროკავშირის წევრმა კიდევ ერთმა სახელმწიფომ, ჩეხეთმა შეუჩერა. საგარეო საქმეთა მინისტრ იან ლიპავსკის განცხადებით, ეს არის ჩეხეთის მთავრობის პასუხი ადამიანის უფლებების უგულებელყოფაზე, საპროტესტო აქციების დარბევასა და სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 5 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 6 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
„ჩემი წინადადების საფუძველზე, მთავრობამ დღეს დაამტკიცა ვიზების მოთხოვნა საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის. ჩვენ ვპასუხობთ ადამიანის უფლებების უგულებელყოფას, დემონსტრაციების ჩახშობას და სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებას. ეს ღონისძიება აჩერებს უვიზო მიმოსვლას საქართველოს ოფიციალური პირებისთვის“, – განაცხადა იან ლიპავსკიმ.
ბოლო თვეების განმავლობაში ანალოგიური გადაწყვეტილება ესტონეთმა და ლიეტუვამ მიიღეს.
27 იანვარს ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ნაწილობრივ შეაჩეროს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ 2011 წელს გაფორმებული შეთანხმება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლისთვის ვიზის აღება დასჭირდებათ.
შეთანხმების ნაწილობრივ შეჩერების ძალაში შესვლის შემდეგ ევროკავშირის სახელმწიფოებს შეუძლიათ გადაწყვიტონ მიიღონ ეროვნული ზომები დიპლომატიური, სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების და სპეციალური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნის გამოსაყენებლად.
იმ წევრ ქვეყანაში მოგზაურობისთვის, რომელიც სავიზო მოთხოვნებს აღაგდენს, ქართველი დიპლომატები და ოფიციალური პირები ვეღარ ისარგებლებენ ვერც სავიზო განაცხადის შემცირებული ვადით, დაბალი სავიზო მოსაკრებლით და ნაკლები დამხმარე დოკუმენტის წარდგენის შესაძლებლობით.
