საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტები აქვთ, უვიზო რეჟიმი გაუუქმა ლიეტუვამაც.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 4 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 5 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 6 გაჩხრიკეს ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის და კიდევ რამდენიმე აქტივისტის სახლები
სააგენტო Delfi-ს ცნობით, ლიეტუვის მთავრობამ შესაბამისი დადგენილება 21 მაისს მიიღო და საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, გადაწყვეტილება ხუთ სამუშაო დღეში აცნობოს ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს. ევროკავშირის საბჭომ იანვარში გადაწყვიტა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებების ხელყოფის გამო, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელები ვეღარ ისარგებლებენ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით.
8 მაისს საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა გაუუქმა ევროკავშირის წევრმა ესტონეთმაც.
ლიეტუვის გადაწყვეტილებას ფეისბუკგვერდზე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება არის „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ 2010 წელს დადებული საერთაშორისო ხელშეკრულების, უხეში დარღვევა.
„მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა და მისმა წევრებმა პატივი სცენ მათ საერთაშორისო-სამართლებრივ ვალდებულებებს და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ 2010 წლის ამ ხელშეკრულებით, უვიზო მიმოსვლა, მხოლოდ სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის ელიტას მიენიჭა, მაშინ როცა ჩვეულებრივ მოქალაქეებს კიდევ 7 წელი უვიზო რეჟიმი არ გვქონდა. მხოლოდ 2017 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალისხმევით, უვიზო მიმოსვლა ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვისაც გაიხსნა“, - დაწერა პაპუაშვილმა.
ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და მისი მაღალჩინოსნები დაასანქცირეს საქართველოში კრიტიკული მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული კანონების მიღების, საპროტესტო აქციების სასტიკად დარბევისა და დემონსტრანტების წამების გამო.
ხალხმრავალი და უწყვეტი აქციები მოჰყვა „ქართულ ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, 2028 წლამდე დღის წესრიგში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
აქციების დაწყების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლში ცვლილებები შეიტანა და გზის გადაკეტვის ჯარიმა 10-ჯერ, 500 ლარიდან 5000 ლარამდე გაზარდა.
„ქართულ ოცნებას“ უკანონოდ ჰყავს დაპატიმრებული „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. მას სისხლის სამართლის წესით ასამართლებენ პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა. მზია ამაღლობელისთვის წარდგენილი ბრალდება პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და სასჯელის სახით 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ივანიშვილის ხელისუფლებას პატიმრობაში ჰყავს 50-მდე დემონსტრანტი, რომლებსაც სხვადასხვა დანაშაულის ჩადენას ედავებიან.
