საქართველოს პირველი ნაბიჯი ევროპულ გზაზე ნიკა გვარამიას გათავისუფლებაა - ALDE

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„საქართველოს პირველი ნაბიჯი ევროპულ გზაზე არის ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება, რომლის მიმართაც განაჩენი გამოიტანეს ყალბი ბრალდებებით, რომლებიც დაგმეს ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელმა ორგანოებმა როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ“, - ნათქვამია ევროპარლამენტში ლიბერალურ პარტიათა გაერთიანების - „ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) განცხადებაში, რომელსაც ხელს ALDE-ს პრეზიდენტი ილჰან კიუჩუკი აწერს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„პარტია „ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპისთვის“ ჩვენს წევრ პარტიებთან ერთად, ევროკავშირის გაფართოების ერთგულია. საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, დასავლეთ ბალკანეთთან ერთად, ევროპული მომავალი უნდა ჰქონდეს. ამ პროცესით ძლიერდება ჩვენი ევროპული საზოგადოება. კარი გაიღო უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. იმისათვის, რომ საქართველომ ამ ეტაპს მიაღწიოს, მნიშვნელოვანი რეფორმებია საჭირო. კანონის უზენაესობის დაცვის, დამოუკიდებელი პრესისა და სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფის დებულებები ყველაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ევროპელი ლიბერალებისთვის. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ALDE-ს წევრ პარტიებთან საქართველოში ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. საქართველოს პირველი ნაბიჯი ევროპულ გზაზე არის ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება, რომლის მიმართაც განაჩენი ყალბი ბრალდებებით გამოიტანეს, რომლებიც დაგმეს ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელმა ორგანოებმა როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

მართლსაჯულების პოლიტიზირება უნდა შეწყდეს. საქართველოს მთავრობა და მმართველი პარტია ვალდებულნი არიან განახორციელონ 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით პოლიტიკური კრიზისის დასრულებას ეხება. ეს არის გზა ევროკავშირის კანდიდატობისკენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ALDE მოუწოდებს ევროპის მოქალაქეებს, შეურთდნენ მიმართვას და საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან, „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება მოითხოვონ. განცხადებაში მოცემულია ირაკლი ღარიბაშვილისთვის გასაგზავნი წერილის სამი ვერსია.

პირველი ვერსია: საქართველო იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას! საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, მხარს ვუჭერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მაგრამ ეს პროცესი წინ ვერ წავა, თუ ფუნდამენტური თავისუფლებები არ იქნება დაცული. კანონის უზენაესობა უნდა იყოს დაცული. დემოკრატიულ ქვეყანაში ოპოზიციურ ჟურნალისტებს თავისუფლად საუბრის საშუალება უნდა ჰქონდეთ. გთხოვთ, გაათავისუფლოთ ნიკა გვარამია და პატივი სცეთ 19 აპრილის შეთანხმებას. ევროკავშირში გაწევრიანება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პატივს სცემთ იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული. ერთად, ჩვენ უფრო ძლიერები ვართ.

მეორე ვერსია: გაათავისუფლეთ ნიკა გვარამია ახლავე! საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, საერთაშორისო საზოგადოებამ იცის და შეძრწუნებულია ნიკა გვარამიას ყალბი ბრალდებების საფუძველზე დაპატიმრების გადაწყვეტილებით. დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი ტაქტიკის ადგილი არ არის. გთხოვთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოთ იგი და გამოიჩინოთ პატივისცემა თავისუფალი პრესისა და სიტყვის თავისუფლების მიმართ. ეს საქართველოს დაეხმარება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში. პრემიერო, მე მჯერა, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, მაგრამ ოპოზიციური ჟურნალისტის დაპატიმრება არის ქცევა, რომელიც არღვევს იმ ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნება. გთხოვთ, ნიკა გვარამიას გათავისუფლებას.

მესამე ვერსია: საქართველოს სჭირდება თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესა! საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, კრიტიკოსი ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას დაპატიმრება გამოხატავს თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესის პრინციპის აშკარა დარღვევას, რაც ფუნდამენტურია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისთვის და დემოკრატიის წარმატებისთვის. ჟურნალისტების დაშინება და გაჩუმება ასეთი ტაქტიკით არ შეიძლება“.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 2 ნოემბერს, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ სცნო და პატიმრობაში დატოვა. სააპელაციო სასამართლომ გვარამიას იგივე სასჯელი განუსაზღვრა, რაც საქალაქო სასამართლოს მიერ ჰქონდა მისჯილი - 3.6 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა სასამართლომ ნაწილობრივ შეცვალა პირველი ინსტანციის განაჩენი. კერძოდ, გვარამია ექვსი თვის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ავტომობილის პირადი მიზნების გამოყენებისთვის (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), რადგან თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2022 წლის 16 მაისის განაჩენით მას ბრალდების მეორე ეპიზოდზე - „რუსთავი 2“-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ნაწილში მხოლოდ ჯარიმა დააკისრა 50 ათასი ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლომ გვარამიას მიმართ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი ამ ნაწილში შეცვალა და 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ეპიზოდზეც მას პატიმრობა მიუსაჯა.

კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისთვის“ „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მიმართა. წერილის თანახმად, „გვარამია პატიმარია მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის ხელისუფლების ხმამაღალი კრიტიკოსი და აქვს დიდი გავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე“.

„საქართველოს პრეზიდენტს უკვე არაერთმა საზოგადოებრივმა თუ პოლიტიკურმა ჯგუფმა მიმართა გვარამიას შეწყალების თხოვნით. ვფიქრობთ, თქვენმა, როგორც საქართველოს დემოკრატიული განვითარების ერთგული მხარდამჭერის მიმართვამ, შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს გადაადგმევინოს ჰუმანური და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, შეიწყალოს კრიტიკული მედიის დირექტორი და პატიმრობიდან გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმარი.

ბატონო მიშელ, თქვენი შუამდგომლობა სერიოზულ წვლილს შეიტანს საქართველოში სიტყვის თავისუფლების დაცვაში და ძალას შემატებს ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროპისაკენ“, - წერილს ხელს აწერენ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.