„მე სრულიად ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, ჩემ სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი“, - განაცხადა მედიასთან ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა, პრეზიდენტისგან ჯილდოს მიღების შემდეგ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ბექაურის თქმით, ორდენი, რომლითაც დაჯილდოვდა, არის ქართველი ხალხისგან.
„ვფიქრობ, რომ ეს ჯილდო არის ჩემი ხალხისგან. აქ იმიტომ ვარ, რომ ჩემთვის პრეზიდენტის ინსტიტუტი ძალიან დასაფასებელია“, - თქვა ბექაურმა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების მონაწილეები, ასევე, მათი მწვრთნელები, ექიმები, ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტების წარმომადგენლები სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოთი დააჯილდოვა.
სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მათ არა მხოლოდ დაიმსახურეს მედლები, ჯილდოებით და პრემიები, არამედ მიიღეს ხალხის სიყვარული „რაც ვერაფერში ვერ უნდა იცვლებოდეს“.
„თქვენი დამსახურებაა, რომ მსოფლიომ გაიგო საქართველოს სახელი და დაინახა ჩვენი ქვეყნის სახე. ჩვენი სპორტსმენების შედეგები ადასტურებს, რომ რიცხობრივად უფრო დიდ ქვეყნებსაც შესაძლოა, გავუტოლდეთ, თუკი შემართებით ვიქნებით, თავდადებით, პროფესიონალიზმით, მიზანმიმართული დაუღალავი შრომით და ერთობით!
ჩვენ ამ წელს ევროპიდან მივიღეთ სერიოზული შედეგი და დიდი იმედი. ფეხბურთელებმა პირდაპირ ევროპაში შეგვიყვანეს, ოლიმპიელებმა და პარალიმპიელებმა საქართველო ევროპის შუაგულში, პარიზში სერიოზულ მეტოქედ წარმოაჩინეს.
ორივე შემთხვევაში ჩვენ ვიზეიმეთ არამხოლოდ ცალკეული სპორტსმენის გამარჯვება, არამედ ქვეყნის წარმატებაც და მისი მსოფლიო რუკაზე გამოჩენა.
ალბათ, არ არსებობს ამაზე დიდი ბედნიერება, როცა უყურებ, რომ მთელ საზოგადოებას ერთად უხარია, ერთად ზეიმობს, ერთად დგას! ეს არის სპორტის უდიდესი ძალა - ადამიანები გაახაროს და გააერთიანოს და ასეც მოხდა!
ერთობა იმაშიც გამოჩნდა, როცა ჩვენმა ოლიმპიელებმა და პარალიმპიელებმა გვაჩვენეს, რომ გამარჯვება არ არის ფიზიკური შესაძლებლობების საზღვრებში მოქცეული. დღეს ამიტომ მინდოდა, ერთობლივად გვეზეიმა მათი გამარჯვება და სახალხო ზეიმი ამას ემსახურება. სამაგალითოცაა - მაგალითი ინკლუზიურობის და თანასწორობის! სწორედ ესაა ძალა საზოგადოების, რომელიც არ ეპუება არც დისკრიმინაციას, არც დაყოფას.
მიმაჩნია, რომ ასეთი სახალხო ზეიმი არის მთავარი დასტური იმისა, რომ ყველაფრის მიუხედავად, მიუხედავად ჩვენი განსხვავებული შეხედულებებისა, თუ არსებული პოლარიზაციისა მაინც შეგვიძლია ერთად გვიხაროდეს. ამით საზოგადოება საკუთარ ძალას და ღირსებას ავლენს.
და თქვენ, სპორტსმენებო! გამარჯვებულებო თუ მონაწილეებო, ერთნაირად გღებულობთ დღეს თქვენი ქვეყნის მოსახლეობა.
თქვენ არამხოლოდ დაიმსახურეთ მედლები, ჯილდოებით და პრემიები, თქვენ მიიღეთ ბევრად მეტი, ბევრად ძვირფასი, ბევრად მარადიული, ისეთი რამ, რაც ვერაფერში ვერ უნდა იცვლებოდეს და ეს არის ხალხის სიყვარული! დაე, შეგეძლოთ თქვენი ცხოვრებისა და შემდეგი გამარჯვებების გზაზე ამ სიყვარულის დაფასება, გაფრთხილება და შენარჩუნება.
და კიდევ, ჩვენი ისტორიის ამ ურთულეს პერიოდში, თქვენ სჭირდებით ქვეყანას, სჭირდებით მომავალ თაობებს, ახალგაზრდებს, ვინც გიყურებთ გაბრწყინებული თვალებით და თქვენგან მაგალითს ელის. მაგალითს პროფესიონალიზმის, თავდადების, შემართების და მიზანდასახულობის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ღონისძიებას მთავრობის წარმომადგენლები არ დაესწრნენ, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ისინი მიიწვია. დაჯილდოებაზე მივიდა და სალომე ზურაბიშვილისგან ღირსების მედალი მიიღო რატი იონათამიშვილმა, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა და „ქართული ოცნების“ დეპუტატმა პარლამენტში.
კომენტარი გააკეთა სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ძალოსანმა ლაშა ტალახაძემაც, რომელიც რამდენიმე დღის წინ „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის ოცეულში დაასახელა. ის არ იზიარებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებებს, რომ სალომე ზურაბიშვილი „ქვეყნის მოღალატეა“.
„ქვეყნის მოღალატე არ მიწოდებია და არც არავის არ ვუწოდებ. ეს თვითონ მას მოკითხე, ვინც უწოდებს ქალბატონ პრეზიდენტს“, - უთხრა ჟურნალისტს ტალახაძემ. მან პრეზიდენტს ჯილდოსთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მისი მოვალეობაც არის, დააჯილდოვოს საქართველოს წარმომადგენლები, რომლებიც მსოფლიო ასპარეზზე დიდ წარმატებას აღწევენ.