ევროპის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსმა მრჩეველმა, ელჩმა მაიკლ კარპენტერმა საქართველოში სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი ვადით გადადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ახლა აშშ-ის ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობის მრავალი ასპექტი, მათ შორის „ღირსეული პარტნიორის“ პროგრამა და სხვა ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს მთავრობასთან გვაქვს, ამჟამად გადახედვის პროცესშია.
ნათელია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივის თვალსაზრისით არასწორი მიმართულებით წავიდა. ჩვენ დიდი ხანია მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მონაწილეობა მივიღეთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 60-ზე მეტ რაუნდში საქართველოს მხარდასაჭერად.
ასე რომ, გულწრფელად რომ ვთქვათ, გარკვეული შეშფოთებითა და მწუხარებით ვხედავთ ამ მოძრაობას სხვა მიმართულებით.
როდესაც ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების ჩაგვრას, როდესაც ვხედავთ იმ კანონების მიღებას, რომლებიც ზღუდავენ სივრცეს ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის საქართველოში, ეს არ არის თავსებადი იმ ღირებულებებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს ნატოს ალიანსს და არ ვფიქრობთ, რომ იგი თავსებადია ევროატლანტიკურ, მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაციასთან.
ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიმართულება, სტრატეგიული მიმართულება შეიცვლება, მაგრამ ახლა საქართველოსთან ჩვენი ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია“, - განაცხადა ელჩმა კარპენტერმა, ნატოს სამიტის წინ გამართულ ბრიფინგზე.
„ღირსეული პარტნიორი“ საქართველოს თავდაცვის ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპის სარდლობის მიერ ერთობლივად მართული სამხედრო სწავლებაა, რომელსაც საქართველოში ვაზიანისა და ნორიოს საწვრთნელი ბაზები 2016 წლიდან მასპინძლობდა.
წელს წვრთნები 25 ივლისს უნდა დაწყებულიყო, თუმცა 5 ივლისს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ მისი გაურკვეველი ვადით გადადება გადაწყვიტეს. „გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და დასავლეთის სხვა სუბიექტების მიმართ, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას აიძულებენ, რათა უკრაინაზე ზეწოლა შემსუბუქდეს, ასევე მონაწილეობდნენ მმართველი პარტიის წინააღმდეგ გადატრიალების ორ მცდელობაში“, - განმარტეს პენტაგონში.
თინა ხიდაშელი, 2015-2016 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი, „ღირსეულ პარტნიორს“ ქართულ-ამერიკული სამხედრო ურთიერთობების ერთ-ერთი მნიშვნელოვან კომპონენტს უწოდებს. ხიდაშელის მოსაზრებით, „ამ კომპონენტის მოშალა ან შეჩერება ნიშნავს იმას, რომ ანალოგიური წესი გავრცელდება სამხედრო თანამშრომლობის ყველა მიმართულებაზე და ეს კატასტროფა იქნება ქართული ჯარისთვის“.
„ამას აუცილებლად ექნება თოვლის გუნდის ეფექტი ნატოს წევრ ევროპულ ქვეყნებთან მიმართებაშიც და მაშინ დავრჩებით რუსეთის, ჩინეთის ამარა. ატაროს მერე ირაკლი კობახიძემ წვრთნები და მიესალმოს ქართულ ჯარს ჩინეთის განმათავისუფლებელ არმიასთან ერთად“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში თქვეს, რომ სამხედრო სწავლების გადადების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილება დასანანია. ამასთან, უწყებაში აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ფორმატები არსებობს, რომლებიც გაგრძელდება.