აშშ-საქართველოს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ გაურკვეველი ვადით გადაიდო

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

აშშ-სა და საქართველოს ერთობლივი მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“, რომელიც საქართველოში 25 ივლისს უნდა დაწყებულიყო, შეერთებული შტატების გადაწყვეტილებით, გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„შეერთებულმა შტატებმა დაიწყო აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების სრული გადახედვა. ამ გადახედვის ფარგლებში, აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში „ღირსებული პარტნიორის“ სწავლებას, რომელიც თავდაპირველად 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე იყო დაგეგმილი“, - ნათქვამია პენტაგონის მიერ დღეს, 5 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თავდაცვის დეპარტამენტი სწავლების გადადების მიზეზად საქართველოს ხელისუფლების ცრუ ბრალდებებს ასახელებს.

გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და დასავლეთის სხვა სუბიექტების მიმართ, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას აიძულებენ, რათა უკრაინაზე ზეწოლა შემსუბუქდეს, ასევე მონაწილეობდნენ მმართველი პარტიის წინააღმდეგ გადატრიალების ორ მცდელობაში.

ამიტომ, შეერთებული შტატების მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ახლა არ არის შესაფერისი დრო საქართველოში ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლების ჩასატარებლად.

შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს თავდაცვის ძალებთან პარტნიორობას, რადგან ჩვენ მივისწრაფვით გავაძლიეროთ საქართველოს უნარი, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა.

ეს გადაწყვეტილება ადვილად არ მიგვიღია და დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმ დიდ მნიშვნელობას, რომელსაც ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ანიჭებენ ისეთ წვრთნებს, როგორიცაა „ღირსეული პარტნიორი“. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობის მომავალ შესაძლებლობებს, მათ შორის „მტკიცე სული 2025“-ს“, - ვკითხულობთ შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება დასანანია.

„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ, რომელიც ეფუძნება ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესებსა და მიზნებს.

დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადების შესახებ.

საერთაშორისო სწავლებებს, მათ შორის „ღირსეული პარტნიორი 2024“-ს სარგებელი მოაქვს როგორც საქართველოსთვის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მასში მონაწილე პარტნიორი ქვეყნებისთვის, რადგან ხელს უწყობს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, სამხედრო მოსამსახურეების შესაძლებლობების განვითარებას, პროფესიონალიზმის ამაღლებას და ურთიერთთავსებადობის გაზრდას“, - ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოხმაურებაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ფორმატები არსებობს, რომლებიც გაგრძელდება: „სწავლების გადადების მიუხედავად, მიმდინარეობს მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვის „მტკიცე სული 2025“.

30 მაისს, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი მიიღო და საპროტესტო აქციები დაარბია, აშშ-მა ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო. სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო სანქციების პირველი ნაწილი გამოაცხადა და აშშ-ში შესვლა აუკრძალა ორ-სამ ათეულ ადამიანს, მათ შორის „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის დეპუტატებს, ძალოვანი ორგანოების თანამშრომლებსა და კერძო პირებს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, მეთიუ მილერმა კონკრეტული სახელები არ დაასახელა და განმარტა, რომ ეს ინფორმაცია კანონით კონფიდენციალურია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.