აშშ-მა სავიზო სანქციები დაუწესა „ოცნების“ წევრებს, დეპუტატებსა და პოლიციელებს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო სანქციები დაუწესა საქართველოს ათობით მოქალაქეს, მათ შორის „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის დეპუტატებს, პოლიციელებს და მათ ოჯახის წევრებს. როგორც დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, მეთიუ მილერმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, საუბარია დაახლოებით 20-30 ადამიანზე. ამასთან, მილერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს სავიზო სანქციების პირველი ნაწილია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებული რჩება პარტია „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებებით, ისევე როგორც მისი ბოლოდროინდელი განცხადებებითა და რიტორიკით. ეს ქმედებები ქმნის საქართველოს ევროპული მომავლის გზიდან გადაყვანის რისკს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ხალხის ნებას.

სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა აშშ-საქართველოს ყველა სახის ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა. ამ გადახედვის ნაწილად, სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი სავიზო აკრძალვების პოლიტიკა მიიღო. 

დღეს, ამ პოლიტიკის ფარგლებში  ჩვენ ნაბიჯებს ვდგამთ, რათა სავიზო აკრძალვები დავუწესოთ ათობით საქართველოს მოქალაქეს. ეს მოიცავს პირებს, ასევე მათ უშუალო ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ისეთი ქმედებებით, როგორიცაა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებისთვის ძირის გამოთხრა, მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინება და საქართველოს მთავრობის დავალებით დეზინფორმაციის განზრახ გავრცელება. სავიზო შეზღუდვების ეს პირველი ნაწილი მოიცავს პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებსა და კერძო პირებს.

იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ თავიანთ ქმედებებს და გადადგამენ ნაბიჯებს, რათა წინ წაწიონ თავიანთი ერის დიდი ხნის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებები. თუ ასე არ მოხდება, შეერთებული შტატები მზად არის დამატებითი ზომების მისაღებად“, - განაცხადა მილერმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა განმარტა, რომ სავიზო შეზღუდვების შესახებ, როგორც წესი, ადამიანებს შეტყობინებას არ უგზავნიან, მაგრამ ისინი ამის შესახებ გაიგებენ, თუ შეერთებულ შტატებში გამგზავრებას ეცდებიან. შეტყობინება მიუვათ მათ, ვისაც აშშ-ის მოქმედი ვიზა აქვთ.

„არ შემიძლია კონკრეტული სახელების დასახელება. სავიზო ინფორმაცია კანონით კონფიდენციალურია, მაგრამ, როგორც ვთქვი, ჩვენ მოვიკვლიეთ ის ადამიანები, ვინც ახორციელებს ქმედებებს დეზინფორმაციის გასავრცელებლად და დემოკრატიისთვის ძირის გამოსათხრელად, ვინც ძალის გამოყენებით თავს ესხმის მშვიდობიან დემონსტრანტებს და აშინებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. როგორც ვთქვი, ეს ჩვენი ქმედებების სერიაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია და უნდა აღვნიშნო, რომ ზომები, რომელთა მისაღებადაც მზად ვართ, აუცილებელი არაა კავშირში იყოს ამ ახალ სანქციებთან. ჩვენ მომზადებულები ვართ, დავაწესოთ დამატებითი სანქციები და გადავდგათ ყველა სხვა ნაბიჯი საჭიროებისამებრ“, - აღნიშნა მეთიუ მილერმა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ შეაბრუნოს ის ტრაექტორია, რომელზეც იმყოფება: „ეს არ ეხება მხოლოდ მათ მიერ მიღებულ კანონს. ეს ასევე ეხება განსხვავებული აზრის ჩახშობას. ეს ასევე ეხება ლიდერების განცხადებებს, რომლებიც უარყოფენ იმ გზას, რომელსაც საქართველო ამდენი ხნის განმავლობაში მიჰყვებოდა. ასე რომ, ჯერ კიდევ არის დრო სიტუაციის შემობრუნებისთვის და ჩვენი პოლიტიკა დამოკიდებული იქნება იმ პოლიტიკაზე, რომელსაც საქართველო განახორციელებს“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.