საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულებს დროებითი მოთავსების იზოლატორებში შეხვდა, რის შემდეგაც მედიასთან კომენტარი გააკეთა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 3 კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ ხუტაშვილსა და მუმლაძეს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სანქცირებული გენერალური პროკურორი გენერალურ აუდიტორად გადაჰყავთ
„მოვინახულე ყველა დაკავებული - გუშინწინ და წუხელ დაკავებულებიც. მთლიანობაში 18 პირია. რამდენიმე მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, ცემის შესახებ, მათ შორის, ირაკლი კუპრაძე, რომელიც ამბობს, რომ დაკავებისას ისიც იყო ფიზიკური ზემოქმედების მსხვერპლი. ყველა ასეთ შემთხვევაზე საქმის კურსში ჩავაყენებთ და რეაგირებისთვის გადავუგზავნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს“, - განაცხადა იოსელიანმა.
ირაკლი კუპრაძეს შეხვდა „ლელოს“ წევრი ლევან სამუშიაც. მისი ინფორმაციით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდა და ხელები ჰქონდა აწეული, როდესაც პოლიციელებმა დააკავეს. „სანამ მანქანაში ჩასვამდნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაზიანებები აქვს ტანზე, სახეზე“, - აღნიშნა სამუშიამ.
ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე, რომელიც ექვს დაკავებულს იცავს, ამბობს, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში „უმძიმესი სურათი“ დახვდა:
„დაკავებულები ჰყვებიან შემაძრწუნებელ ისტორიებს. ერთ-ერთი დაკავებული ამბობს, რომ იდგა და პროტესტს გამოხატავდა როდესაც დაინახა, როგორ სცემდნენ ადამიანს. უბრალოდ უთხრა [სპეცრაზმელებს], ნუ ურტყამთო, შემოტრიალდა სპეცდანიშნულების რაზმის ერთ-ერთი წევრი, სახეში იდაყვი ჩაარტყა და წაქცეულზე, როდესაც უკვე გადაჰყავდათ, ამოარტყა ფეხი სახის მიმართულებით. ეს ადამიანი გაითიშა და გონს პოლიციის მანქანაში მოვიდა. ეს არის უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით, ეს არის დანაშაული“.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ დაკავებულთა ადგილსამყოფელის დასადგენად წუხელ რამდენიმე საათი დასჭირდათ.
15 და 16 აპრილს რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გაიმართა. სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს. ისინი მოქალაქეებს ქუჩა-ქუჩა დაედევნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ, სცემეს მედიის წარმომადგენლებსაც. აქციის რამდენიმე მონაწილე, მიღებული დაზიანებების გამო, საავადმყოფოშია მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 15 აპრილის აქციაზე ადმინისტრაციული წესით 14 მოქალაქე დააკავეს, ხოლო წუხელ - 11. როგორც სამინისტროში აცხადებენ, აქციის მონაწილეთა ნაწილმა პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად დაუპირისპირდა მათ.
