მოქალაქეები, რომლებსაც პროკურატურა სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების მისაკუთრებას ედავება, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან, თუ 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე ქონებას ნებაყოფლობით დააბრუნებენ, ან ზიანს აანაზღაურებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ახალი კანონის თანახმად, ამნისტია ვრცელდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზეც საკუთრების უფლება დანაშაულებრივად არის მოპოვებული. თუ მიწის ნაკვეთი კერძო პირების საკუთრებაში იყო და მას დანაშაულებრივი გზით დაეუფლნენ, ასეთ შემთხვევებზე ამნისტია არ ვრცელდება.
პროკურატურა განმარტავს, რომ ამნისტიის კანონი სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან და პირობითი მსჯავრისგან ათავისუფლებს პირს, რომელმაც 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, თაღლითობის მუხლით ან/და 362-ე, ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადების, გასაღების ან გამოყენების მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გზით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მოიპოვა საკუთრების უფლება და თუ აღნიშნული პირი სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს. ასევე, ამნისტია თანაბრად ვრცელდება როგორც დანაშაულის უშუალო ამსრულებელზე, ისე თანამონაწილეზე.
„თუ პირს სურს მასზე გავრცელდეს ამნისტიის შესახებ კანონით დადგენილი შეღავათი, მან ზიანი უნდა აანაზღაუროს 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე. ზიანის ანაზღაურება გულისხმობს დანაშაულებრივად დაუფლებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ყოველგვარი სამართლებრივი ვალდებულებისგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფოსთვის დაბრუნებას, ხოლო თუ ეს შეუძლებელია - მიწის ნაკვეთის ღირებულების თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანას. აღნიშნული დანაშაულის მომზადების ან მცდელობის შემთხვევაში, პირზე ამნისტია გავრცელდება, თუ ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ნებისმიერ პირს უფლება აქვს უარი თქვას მის მიმართ ამნისტიის შესახებ კანონის გამოყენებაზე და ისარგებლოს თავისი სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით“, - აცხადებს პროკურატურა.
ამნისტია არ შეეხებათ საჯარო მოხელეებს, რომლებმაც დანაშაული სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩაიდინეს.
ამნისტია ასევე არ გავრცელდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევებზე.
ზიანის ანაზღაურების მიზნით, მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის დაბრუნების შემთხვევაში, პირმა შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო თანხის შეტანა უნდა განხორციელდეს ხაზინის ანგარიშზე.
პირის განცხადების საფუძველზე, საკუთრების უფლების სახელმწიფოსთვის დაბრუნების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე შესაბამისი თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარედგინოს: შესაბამის პროკურორს - თუ საქმე გამოძიების ეტაპზეა, ან თუ ძებნილი პირის მიმართ სამართალწარმოება დასრულებულია; შესაბამის სასამართლოს - თუ საქმე განიხილება სასამართლოში. თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ სასამართლოს - თუ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია.
კანონის აღსრულების პროცესი 2025 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება.