საკნიდან ვევედრები ევროპას, არ მიგვატოვოს რუსეთის ხელში – მზია ამაღლობელის წერილი The Guardian-ში

„საკნიდან ვევედრები ევროპას, არ მიგვატოვოს რუსეთის ხელში“, – ბრიტანულ გამოიცემა The Guardian-ში ამ სათაურით გამოქვეყნდა დამოუკიდებელი ქართული გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის წერილი ციხიდან.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

 უცვლელად გთავაზობთ მზია ამაღლობელის წერილს ქართულ ენაზე:

„ჩემი საკანი მწვანეა. ისეთივე მწვანე, როგორიც ადრე ჩვენი ნიუსრუმის კედლები იყო. მაგიდა და ორი სკამი იატაკზეა მიხრახნილი. არაფერი მოძრაობს. საწოლი ძალიან ვიწროა, თუმცა ჯერ არ გადმოვვარდნილვარ. როდესაც ჯერ კიდევ თავისუფალი ვიყავი, მაგრამ უკვე ველოდი დაპატიმრებას, ვხუმრობდი, რომ ბოლოს და ბოლოს, ციხე მომცემდა დროს, რომელიც არასდროს მყოფნიდა – წავიკითხავდი. მაგრამ აქ, რუსთავის ქალთა მეხუთე კოლონიაში, მხედველობა თითქმის დავკარგე. ამიტომ, ახლა, ჩემს თვალებში შემოპარულ სიბნელეში ვწერ სიბნელეზე, რომელიც ჩემს ქვეყანას, საქართველოს იპყრობს.

საკანს ერთადერთი ფანჯარა ლამის ჭერში აქვს. ძალიან მაღლა. ჩემს დაბადების დღეზე, როდესაც 50 წლის გავხდი, ჩემი მეგობრები და კოლეგები ციხის მოპირდაპირედ ბორცვზე შეიკრიბნენ, პლაკატებითა და საჰაერო ბუშტებით ხელში. სკამზე შევდექი, მაგრამ მაინც ვერაფერი დავინახე. მათ მილოცვები, მოგვიანებით, ახალ ამბებში მოვისმინე.

ბოლო რვა თვეა ასეთია ჩემი ცხოვრება საქართველოს რეპრესიულ რეჟიმში: რეჟიმში, რომელიც ცდილობს ჟურნალისტების გაჩუმებას, განსხვავებული აზრის წაშლას და ჩვენი სულისკვეთების გატეხას.

2025 წლის 12 იანვარს, დემონსტრაციის დროს, „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდებით დამაკავეს. თითქმის შვიდი თვე გავატარე წინასწარ პატიმრობაში, ვიდრე საქმეს სასამართლო იხილავდა. 6 აგვისტოს მოსამართლემ ბრალდება შეცვალა და საბოლოოდ, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის უფრო მსუბუქი მუხლით გამასამართლეს და ორწლიანი პატიმრობა მომისაჯეს. უჩვეულო „პატივი“ მერგო – ვიყო პირველი ქალი ჟურნალისტი, რომელიც საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით დააპატიმრეს, ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. საპროცესო შეთანხმება შემომთავაზეს – დანაშაულის აღიარება უფრო მსუბუქი სასჯელის სანაცვლოდ. უარი ვთქვი, რადგან უსამართლობასთან შერიგება ჩემთვის ცოცხლად დამარხვის ტოლფასია.

როგორმე უნდა მეპასუხა იმ უსამართლობისთვის, რომლის წინაშეც რეჟიმმა დამაყენა. მახსოვს, აქ რომ მომიყვანეს, მალევე მოვიჭერი ნაწნავი. მაკრატელი სულ ორიოდ წუთით მათხოვეს. კართან იდგნენ და მიყურებდნენ, რას ვაკეთებდი. შემდეგ, ბევრი რამ შემომთავაზეს, თუმცა მხოლოდ 10 ლიტრი წყალი ვიყიდე – 38 დღე ვშიმშილობდი.

ამ წერილს „ბათუმელებში“ ვაგზავნი, რედაქციაში, რომელიც დავაფუძნე და რომელშიც ჩემი მეგობრები ახლა უჩემოდ აგრძელებენ ბრძოლას.

ზოგჯერ სისუსტე მძლევს ხოლმე. თვალები ცრემლით მევსება. ვცდილობ დიდხანს არ შევყვე ამ განწყობას, მოვერიო. სიმართლე ისაა, რომ სხვა გზა არც მაქვს: ეს არალეგიტიმური მთავრობა ცდილობს, გააუქმოს ჟურნალისტიკა, პროფესია, რომელსაც ჩემი ცხოვრების 25 წელი მივუძღვენი.

ჩემი კოლეგები საფრთხეში მხოლოდ იმიტომ არიან, რომ საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ. ჩემთვის გაჩუმება ახლა ღალატია – მათი, საკუთარი თავის და ციხეებში მყოფი კიდევ 60-მდე პოლიტიკური პატიმრის.

ამ ციხის კედლების მიღმა ხალხი ცხრა თვეა ქუჩაში დგას ევროკავშირის დროშებით. წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით გაუსწორდნენ, სასტიკად დაარბიეს და მაინც არ ნებდებიან. მათი სიმამაცეა, იმედს რომ გვაძლევს. 

ჩვენ ადრეც ვმდგარვართ ეგზისტენციალური არჩევანის წინაშე. 1921 წელს საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიული რესპუბლიკა რუსეთმა შთანთქა ქართველი ბოლშევიკების დახმარებით. ახალგაზრდობა მაშინაც თავდადებით იბრძოდა, თუმცა საბოლოოდ, მომდევნო 70 წლის განმავლობაში, ქვეყანა საბჭოთა ბატონობის აჩრდილმა მოიცვა.

ახლა კიდევ ერთხელ გვემუქრება ისტორიის გამეორება. რუსეთი კვლავ თავისი ორბიტისკენ მიგვაქანებს ისევ მთავრობაში მყოფი ჩვენივე კოლაბორაციონისტების დახმარებით. რეჟიმი სრულიად ემორჩილება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა და ახლაც რუსეთის ინტერესებისთვის იღვწის. რეჟიმმა უარი თქვა ევროპულ გზაზე და რუსული მმართველობის ინსტრუმენტები აითვისა: პროპაგანდა, რეპრესიები, კორუფცია და შიში.

მაგრამ საქართველო რუსეთი არ არის. ქართველებს არაერთგზის უჩვენებიათ გამძლეობა და სიმტკიცე. 2008 წლის რუსული აგრესიის და საოკუპაციო ხაზთან ჩვენი მოქალაქეების გატაცებების მიუხედავად, ჩვენ მაინც ევროპას ვირჩევთ. საქართველოს ახალგაზრდობა მიუძღვის წინ ამ ბრძოლას, ბრძოლას გამოფიტვის, სასოწარკვეთის და იმ ადამიანების ცივი გათვლების წინააღმდეგ, ვინც მზადაა გაყიდოს ჩვენი თავისუფლება.

რა შეიძლება გაკეთდეს? მხარი დაუჭირეთ საქართველოს ალყაში მოქცეულ სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას. ნუ დასჯით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის გაუქმებით. მიზანში ამოიღეთ პასუხისმგებელი პირები: „ქართული ოცნების“ პარტიის წარმომადგენლები და მათი ბიზნესქსელები. ხმა აიმაღლეთ ქუჩაში გამოსული ადამიანების, ციხეებში მყოფი ჟურნალისტების, იმ საზოგადოების დასაცავად, რომელიც უარს ამბობს დამორჩილებაზე.

საქართველოს მხარდაჭერა მხოლოდ სოლიდარობის აქტი არ არის – ეს პრაგმატული არჩევანია. კიდევ ერთი რეპრესიული რეჟიმი სამეზობლოში საფრთხეს შეუქმნის თვით ევროპის უსაფრთხოებას. საქართველოს მიტოვება ახლა რუსეთის აგრესიის წახალისებას ნიშნავს.

საქართველოს ეროვნული დევიზი ასეთია – „ძალა ერთობაშია“. ჩემთვის ევროკავშირის ნაწილად ყოფნა ამ ძალის გაზიარებას და მასში წვლილის შეტანას ნიშნავს.

ჩვენ არ ვეკუთვნით დიქტატურისა და შიშის რუსულ სამყაროს, არამედ – თავისუფალი ერების ევროპულ ოჯახს. ჩემი საკნიდან ახლა უფრო ცხადად ვხედავ, ვიდრე ოდესმე – ევროპა მხოლოდ გეოგრაფია არ არის, ის ღირებულებებია: ღირსება, სამართლიანობა, თანასწორობა და სოლიდარობა.

საქართველოში ჩვენ სწორედ ამ ღირებულებებისთვის ვიბრძვით, ვიბრძვით ჩვენი კალმით, ჩვენი ხმით და ჩვენი სხეულებით ქუჩებში.

ჩვენი ბრძოლა ევროპის ბრძოლაა, ისევე, როგორც უკრაინის ბრძოლაა ევროპის ბრძოლა. და მე ვთხოვ ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ნუ გაგვიშვებთ ხელს. ჩვენ ერთად შეგვიძლია დავამარცხოთ სიბნელე, რომ თავისუფლებამ გაიმარჯვოს, რადგან, თავისუფლება მართლაც სიცოცხლეზე ღირებულია“.

მზია ამაღლობელი უკვე 260 დღეა უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ის 2025 წლის 12 იანვარს, ბათუმში, პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს, მაგრამ საქმე არა შეურაცხყოფისთვის, არამედ პოლიციელზე თავდასხმისთვის აღუძრეს.

სილის გაწვნის შედეგად ირაკლი დგებუაძეს არანაირი დაზიანება არ მიუღია, თუმცა ის აცხადებს, რომ „ლოყა ეტკინა“.

„ბრალის“ დამტკიცების შემთხვევაში მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო მოსამართლე ნინო სახელაშვილმა საქმე გადააკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეს ჯარიმის შეფარდება შეეძლო, მან ეს არ გააკეთა და ჟურნალისტი 2 წლით დააპატიმრა.

პროკურატურამ არ გამოიძია მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი დანაშაულები. დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის შენობაში ხელბორკილდადებულ ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, დაკავებულს არ აძლევდნენ სასმელს წყალს და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას რამდენიმე საათის განმავლობაში. სამ საათზე მეტხანს მასთან არ უშვებდნენ ადვოკატებს. მზია ამაღლობელის ჩვენების თანახმად, დგებუაძე მის ცემასაც ცდილობდა და ის თანამშრომლებმა შეაკავეს.

მზია ამაღლობელი დაპატიმრების შემდეგ 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. უკანონო პატიმრობის პერიოდში მას მხედველობა საგანგაშოდ დაუქვეითდა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მზია ამაღლობელის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებასთან და სისხლის სამართლის საქმეში არსებულ არაერთ პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. ივნისის ბოლოს სასამართლომ საჩივრის განხილვა დაიწყო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.