პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მხარდაჭერა გამოუცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის გაერთიანებას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც, მისივე თქმით, „საქართველოს ისტორიისათვის გარდამტეხი არჩევნებია“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ელოდება პოზიტიურ მესამე ცენტრს, რომელსაც აქვს უნარი, გააჩინოს საზოგადოებაში სრული მობილიზაციისთვის საჭირო მუხტი.
„მე ამის მჯერა და ამიტომ მონაწილეობა მივიღე ყველასთან კონსულტაციებში და მზად ვარ, როგორც ნეიტრალურმა მხარემ, ამ პროცესს ხელი შევუწყო.
გადაწყვეტილება კი ორი პროევროპული ძალის, ერთი მხრივ, გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ და, მეორე მხრივ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ხელშია. ვიმედოვნებ, ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვან ეტაპზე შეძლებენ, გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამომრჩეველს მეტ სიცხადეს, მეტ გარკვეულობას და მეტი ძალის განცდას მისცემს; ნაბიჯი, რომელიც ასევე დაარწმუნებს ამომრჩეველს, რომ პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ, ქვეყნის გადარჩენისთვის ბევრი რამ დათმონ და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშონ ევროპული მომავლის გადარჩენაში, რასაც არავინ დაუვიწყებს მათ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი მიესალმა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ის მზად არის გახარიას პარტიასთან „საქართველოსთვის“ გაერთიანებაზე იმსჯელოს, თუ ეს ამომრჩევლისთვის მისაღები იქნება. სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით, ამის მზაობა აქვს გახარიასაც.
„საარჩევნო კალენდარი ცოტა დროს გვიტოვებს საბოლოო გადაწყვეტილებისთვის. ჩემი სრული მხარდაჭერა და მზადყოფნაა, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდეს და მიგვიყვანოს გამარჯვებამდე. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება თქვენგან სწორედ ამას ელოდება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია ხვალ, 17 სექტემბერს, ათონელის რეზიდენციაში მიიწვია მოლაპარაკებების დასასრულებლად.
26 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა რამდენიმე გაერთიანება შექმნეს:
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ - „ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „რესპუბლიკელები“ და ეთნიკურად აზერბაიჯანელი აქტივისტების ჯგუფი „აქტივისტები მომავლისთვის“;
- „ძლიერი საქართველო“ - „ლელო“, ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“, პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“, ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეები“, მოძრაობა „GEN Z ევროპისთვის“;
- „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“, პოლიტოლოგი გია ჯაფარიძე, ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები - არმაზ ახვლედიანი და თამარ კორძაია.
საპარლამენტო არჩევნები 5%-იანი ბარიერით ჩატარდება. ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ოთხი წლის ვადით აირჩევენ.