„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტის გამოცემის შემდეგ, რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, გათავისუფლებას არ ელოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
„არ ვიყავი ამისთვის მზად. ველოდებოდი, პრინციპში, თებერვალ-მარტს, როდესაც მიწევდა პირობით ვადამდე გათავისუფლება. არც მაშინ ველოდი, რომ გამიშვებდნენ, მაგრამ წავიაქტიურებდი მაინც. მინდა, გამოვეხმაურო იმას, რაც სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა დღეს. მე ვფიქრობ, მას ეს ჩემთვის ნამდვილად არ გაუკეთებია. მან ეს გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის, რომლის პრეზიდენტიც არის და ვფიქრობ, რომ ეს მას ღირსებას მატებს ნამდვილად.
მე არ ვაპირებ, გაჯიუტებული ვიყო ჩემს შეცდომაში. გულწრფელად გეტყვით, რომ იმ ვიდეოებში, რომელსაც ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ დღეების განმავლობაში გამოიყენებენ მის წინააღმდეგ, მე არ მომწონს ჩემი თავი. საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასე მოქცევა. მე ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი მას ამის გამო.
თუმცა, არ შემიძლია აქვე არ ვთქვა ის, რომ არც ის უნდა გაჯიუტდეს შეცდომაში, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი და მან უნდა შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. უფრო სწორად, მან უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.
უნდა გვესმოდეს ყველას, რომ, როდესაც ქვეყანაში არსებობს მინიმუმ 500 ათასი ადამიანი, ვინც სამართლიანად მიიჩნევს, რომ მათთვის სახელმწიფოებრიობასთან ასოცირებული მთავარი პირი არის მძევალი, ასეთ ვითარებაში ქვეყანაში სიმშვიდე ვერ იქნება, მით უმეტეს, ვერანაირი დეპოლარიზაცია“, - განაცხადა გვარამიამ.
როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით არ მიუმართავს, რადგან თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ნიკა გვარამიას თქმით, ის „მთავარი არხის“ ხელმძღვანელად აღარ დაბრუნდება და დამფუძნებლად დარჩება.
„მთავარი, რასაც მე გავაკეთებ, იქნება „მთავარი არხის“ იმ სირთულეებიდან გამოყვანა, რომელშიც ისიმყოფება. თუმცა მე არ ვაპირებ, რომ „მთავარ არხს“ ვუხელმძღვანელო, მე ვიქნები მისი დამფუძნებელი, როგორც ახლა ვარ. „მთავარი არხი“ გადარჩა, მან აჩვენა, რომ ის ჩემ გარეშე, თავისუფალ ცურვაში მშვენივრად გრძნობს თავს. ვიტყოდი უკეთესად, ვიდრე ჩემს პირობებში. ამიტომ გავაკეთებ იმას „მთავარი არხისთვის“, რაც შეიძლება სხვას არ შეეძლოს, არც მთავარ არხზე, არც სხვაგან. ეს პირველ რიგში ეხება მის გამოყვანას ფინანსური კრიზისიდან. „მთავარ არხს“ უხელმძღვანელებს ის, ვინც ახლა ხელმძღვანელობს, ეს არის გიორგი გაბუნია. პირველ რიგში, რასაც გავაკეთებ არის ის, რომ ამ წინადადებით მივმართავ სამეთვალყურეო საბჭოს“, - თქვა გვარამიამ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 21 ივნისს შეიწყალა. როგორც მან განაცხადა, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 19 ივნისს უზენაესმა სასამართლომ გვარამიას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და ამით ყველა სამართლებრივი საფეხური ამოიწურა.
„ამ გადაწყვეტილებაზე მე არ ვაპირებ რაიმე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს. მინდა მხოლოდ ის გაგახსენოთ, რაც ასევე ევროპარლამენტში, ბრიუსელში ვთქვი: ასეთი გადაწყვეტილება, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას თუ სხვა ტიპის მუქარას, რომ „ამას თუ არ იზამთ, ის მოხდება, იმას თუ არ იზამთ, ეს მოხდება“. ეს არის გადაწყვეტილება პრეზიდენტის“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.
ნიკა გვარამია პატიმრობაში 2022 წლის 16 მაისიდან იმყოფებოდა. მას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდების საქმეზე.