სამშობლოს რა აქვს დასაცავი იმ კონკრეტული ხომალდისგან, რომელიც ბათუმში შემოვიდა? - კალაძე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„სამშობლოს დღეს რა აქვს დასაცავი იმ კონკრეტული ხომალდისგან, რომელიც ბათუმში შემოვიდა? რუსეთის მოქალაქეებს ჩვეულებრივად შეუძლიათ შემოსვლა ტურისტული მიზნით. იცით, რომ ხმელეთით წლების განმავლობაში შესაძლებელი იყო შემოსვლა, არსებობდა პირდაპირი ფრენები, ასევე შესაძლებელია ხომალდით შემოვიდნენ და რამდენიმე საათი დაჰყონ საქართველოში, დახარჯონ თანხები. საერთოდ ვერ ვხედავ ამაში პრობლემას“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კალაძემ აქციას „ფარისევლობა“ უწოდა. მისი თქმით, საქართველოს კარი ტურისტებისთვის ღიაა.

„ეს შეიძლება იყოს რუსი, შეიძლება იყოს ამერიკელი, შეიძლება იყოს ევროპელი [ტურისტი]. საერთოდ პრობლემას ვერ ვხედავ. პრობლემას არ წარმოადგენს ტურისტების შემოსვლა, ჩამობრძანდნენ. ყველაზე მთავარი რა არის - ყველამ პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონმდებლობას, დაიცვას კანონი.

ჩამოვიდნენ, დახარჯონ თანხები. ეს ფული ხომ საქართველოს ეკონომიკაში მიდის? რეალურად, ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს პროტესტი ისევ და ისევ საქართველოს, საქართველოს ეკონომიკის წინააღმდეგ არის მიმართული. არ სიამოვნებთ ადამიანებს, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, ხდება ეკონომიკური განვითარება. ჩამოდის ტურისტი, დახარჯავს ფულს, წავა და ისევ თავის ქვეყანაში დაბრუნდება. ეს არის ძალიან მარტივი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ბათუმში განვითარებულ მოვლენებს მმართველი პარტიის სხვა ლიდერებიც გამოეხმაურნენ და საპროტესტო აქციის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირება სცადეს. როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, „საქმე გვაქვს სიყალბესთან“, ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილის თქმით, კი „უპასუხისმგებლო აქციები დაორგანიზებულია უპასუხისმგებლო ოპოზიციის მხრიდან“.

„ეს არის სუფთა პოლიტიზებული აქცია. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანით ისინი ახერხებენ, დესტრუქციული ქმედებები მოახდინონ ქვეყანაში და ხელი შეუშალონ არა მხოლოდ ტურიზმის განვითარებას, სტაბილურობის უზრუნველყოფას, რაც პირდაპირ ეკონომიკურ კეთილდღეობას უშლის ხელს, ჩვენი მოსახლეობისა და მთლიანად ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული“,- აღნიშნა დავითაშვილმა.

ბოლო ერთ კვირაში სოჭის პორტიდან გამოსული საკრუიზო გემი, რომლითაც რუსეთის მოქალაქეები მოგზაურობენ, ბათუმის პორტში უკვე მეორედ შემოვიდა. 27 ივლისს გემი აქციით გააცილეს, დღეს, გამთენიისას კი მას ისევ აქციით დახვდნენ არამხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, არამედ სამოქალაქო საზოგადოების წევრები და აქტივისტები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პორტში საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, ასევე სპეცრაზმის თანამშრომლების მობილიზება მოახდინა, გემამდე მისასვლელები კი რკინის ჯებირებით გადაკეტა. ამ დროისთვის წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საბაბით საპროტესტო აქციის 23 მონაწილეა დაკავებული. რუსი ტურისტების ნაწილმა ზღვისპირა ქალაქის დასათვალიერებლად გემი ავტობუსებით, პოლიციის დახმარებით და აქციის მონაწილეთა შეძახილების ფონზე დატოვა.

Astoria Grande ბათუმის პორტიდან დღის ბოლოს, თურქეთის ქალაქების მიმართულებით გაემგზავრება და 5 აგვისტოს სოჭში დაბრუნდება. აღსანიშნავია, რომ საკრუიზო მარშრუტში ბათუმი წელს პირველად დაამატეს. მანამდე პროგრამაში თურქეთის ქალაქების - ტრაპიზონის, ამასრასა და სტამბოლის მონახულება შედიოდა. ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აგვისტოსა და მომდევნო თვეებში დაგეგმილი ანალოგიური მოგზაურობა ბათუმში გაჩერებას აღარ ითვალისწინებს. პროგრამაში ცვლილება სავარაუდოდ ბათუმში გამართული აქციების შემდეგ შევიდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.