ბათუმის ნავსადგურში, სადაც დილიდან რუსეთიდან შემოსული რუსი ტურისტებით სავსე საკრუიზო გემია გაჩერებული, მოქალაქეები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქციას მართავენ. დემონსტრანტებსა და გემს შორის პოლიციის თანამშრომლები დგანან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 3 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 4 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 5 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
- 6 საია: დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა
„დღეს აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ ჩვენი ეროვნული ღირსება დავიცვათ. პირველივე კრუიზის ჩამოსვლის შემდეგ პირველივე სტუმრებმა გაბედეს და ჩვენი ეროვნული ღირსება შელახეს, თქვეს, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის, რომ აფხაზეთს ჩვენგან იცავდნენ. ჩვენ დღეს ვიცავთ იმ გმირების სახელებს, ვინც საქართველოსთვის ბრძოლაში დაიღუპნენ. გვინდა თითოეული რუსი ტურისტი მივახვედროთ, რომ ისინი არ არის ჩვენი სტუმრები, არასდროს მივცემთ უფლებას, ჯერ ჩვენი ღირსება შელახონ და ვითომ არაფერი, ჩვენს ზღვაზე დაისვენონ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლუკა ნაცვლიშვილმა.
აქციაზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი კირთაძის თქმით, ხელისუფლება ცდილობს, ხალხი რუსეთის მოქალაქეების მსგავს ვიზიტებს შეაჩვიოს.
„როდესაც ამ გემიდან ჩამოსული ადამიანები გვეუბნებიან, რომ ჯიული შარტავა, გურამ, გაბისკირია და ათასობით ადამიანი, ვინც აფხაზეთში იბრძოდა, თურმე, მოძალადეები არიან და ამ ხალხისგან დაიცვა რუსეთმა აფხაზები, ამაზე მეტი შეურაცხყოფა რა არის? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა ეს გააპროტესტა. ამ გემზე მყოფებმა და ყველამ, ვინც რუსეთშია, უნდა იცოდნენ, რომ მათ აქ ელარჯის წელვით და ხაჭაპურით არავინ დახვდება, თუ მათ მიაჩნიათ, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი და სოხუმი არ არის საქართველო, ისევე, როგორც სამაჩაბლო“, - აღნიშნა კირთაძემ.
რუსეთიდან, კერძოდ, სოჭის პორტიდან 22 ივლისს გამოსული საკრუიზო ლაინერი Astoria Grande ბათუმის პორტში დღეს, გამთენიისას შემოვიდა. გემზე 850 მგზავრი იმყოფება და ისინი ბათუმში ერთი დღით გაჩერდებიან.
როგორც საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ განაცხადა, გემს თურქული საკრუიზო კომპანია ემსახურება, გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება, შესაბამისად, მას პორტში ყოფნის უფლება აქვს.
მოქალაქეთა განსაკუთრებული პროტესტი გემიდან ჩამოსული რუსეთის ცალკეული მოქალაქეების კომენტარებმა გამოიწვია. ისინი არ აღიარებენ, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.
„ოკუპაციის შესახებ არ ვიცით, თქვენ ჩვენი რაღაც რესპუბლიკა იყავით, საკავშირო და არა ოკუპირებული. რუსეთი ოკუპანტი არაა, ჩვენ რა, თქვენი ოკუპაცია მოვახდინეთ? ჩვენ გეხმარებოდით. აფხაზეთი თქვენგან გავათავისუფლეთ. მათ გვთხოვეს დახმარება. თქვენ ხომ ტანკებით შეხვედით იქ და ჩვენ ვნახეთ ის ტანკები. მე ვიყავი აფხაზეთში, ვნახე სახლები ფანჯრების გარეშე, რადგან ყველა თქვენს მიერ იყო დანგრეული. რუსეთი აფხაზეთს თქვენგან გათავისუფლებაში დაეხმარა“, - თქვა ჟურნალისტებთან ერთ-ერთმა ტურისტმა. მას არ დაუკონკრეტებია, როდის იმყოფებოდა აფხაზეთში და არ არის გამორიცხული, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი ჰქონდეს დარღვეული.
კანონით, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იქნა მიღებული, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შესვლა დაშვებულია მხოლოდ ზუგდიდის და გორის მუნიციპალიტეტების მხრიდან. ამ წესის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, მოახდინოს რეაგირება კანონმდებლობის დადგენილი მოთხოვნების დამრღვევ პირთა გამოსავლენად.
Astoria Grande-ს ერთკვირიან საკრუიზო მარშრუტში ბათუმი წელს პირველად ჩართეს. მორიგი ასეთი ტურის განხორციელება 29 ივლისიდან 5 აგვისტოს პერიოდში იგეგმება. Astoria Grande, რომლის ბორტზე რუსული ესტრადის მომღერლებიც იქნებიან, სოჭიდან ტრაბზონში გაემგზავრება, შემდეგ ბათუმის პორტში შევა, საიდანაც ისევ თურქეთში დაბრუნდება და ამასრასა და სტამბოლში გაჩერდება. სტამბოლიდან გემი უკან, სოჭში გაემგზავრება.
![საქართველოს ამბები](/images/a2.png#joomlaImage://local-images/a2.png?width=80&height=80)