საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სამსახური იძულებული გახდა, თბილისში მომუშავე თავისი ორი აგენტი პარიზში გაეწვია. ამის შესახებ სტატია გლობალური დაზვერვისა და უსაფრთხოების საკითხებზე სპეციალიზებულმა ფრანგულმა გამოცემამ, Intelligence Online-მა გამოაქვეყნა. სკანდალი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული გიორგი უძილაურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებას უკავშირდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 3 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 4 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 5 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 6 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
გამოცემა წერს, რომ „ქართული სპეცსამსახურების მიერ გაშიფრული ოპერაცია“, თბილისსა და პარიზს შორის ურთიერთობებს ძაბავს.
Intelligence Online-ის ცნობით, საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების გენერალურმა დირექტორატმა (DGSE) შეძლო გადაებირებინა გიორგი უძილაური, რომელიც წარსულში ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი იყო, ბოლოს კი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსად მუშაობდა. უსაფრთხოების სამსახურის (სუს) კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ის 5 მაისს, „რამდენიმეთვიანი ინტენსიური კონტრდაზვერვითი ოპერაციის“ შედეგად დააკავა.
უძილაურის ბრალად ედება საიდუმლო ინფორმაციის, მათ შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური, უსაფრთხოების ძალებისა და უმცირესობების შესახებ მონაცემების უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის გადაცემა ფარული შეხვედრებისა და დაშიფრული კომუნიკაციების გამოყენებით.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გიორგი უძილაურს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.
5 მაისს გამართულ ბრიფინგზე სუს-ის უფროსის პირველ მოადგილეს, ლაშა მაღრაძეს არ უთქვამს, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურის სასარგებლოდ ჯაშუშობას ედავებოდნენ დაკავებულს. „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტრუმა მედიამ მაშინვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქმე ეხებიდა ერთ-ერთ ევროპულ სახელმწიფოს.
მოგვიანებით, 8 მაისს, სუს-ის ყოფილმა უფროსმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ გიორგი უძილაური ევროპის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ჯაშუშობისთვის არის დაკავებული.
იმავდროულად, მდინარაძემ მიმართა ევროპის ქვეყნებს, რომლებიც, მისი სიტყვებით, საქართველოში „დაზვერვით სამუშაოებს გაცხოველებული და ინტენსიური რეჟიმით“ ახორციელებენ,
„გაიყვანონ ეს ხალხი და მოაშორონ იმ საქმიანობას, რომელსაც ახორციელებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ნამდვილად არ ვიმუქრები, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენ მინიშნებებს კვლავ გავაკეთებთ ამასთან დაკავშირებით. მგონი, რაც გავაკეთეთ, საკმარისი უნდა იყოს“.

როგორც ფრანგული გამოცემა წერს, საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების გენერალურმა დირექტორატმა სწორედ ამ ულტიმატუმის საპასუხოდ თბილისის საელჩოში მომუშავე ორი თანამშრომელი პარიზში დააბრუნა. დირექტორატში ამ საკითხზე ვრცელი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს, თუმცა აღნიშნეს, რომ მათი არცერთი აგენტი „პერსონა ნონ გრატად“ (არასასურველ პირად) არ გამოცხადებულა. ფრანგული დაზვერვის ხელმძღვანელმა, ნიკოლა ლერნერმა თბილისთან დიალოგის გაგრძელებისა და სიტუაციის გარკვევის სურვილი გამოთქვა.
Intelligence Online-ის რედაქტორის, ანტუან იზამბარდის სტატიის თანახმად, თბილისის მხრიდან პარიზის ღიად არ დასახელება, სავარაუდოდ, იმით აიხსნება, რომ საფრანგეთი, მიუხედავად 2024 წელს საქართველოში ჩატარებული სადავო საპარლამენტო არჩევნებისა და მმართველი პარტიის პრორუსული კურსისა, საქართველოსთან დიალოგის შენარჩუნებას და ქვეყნის მოსკოვისკენ საბოლოო გადახრის თავიდან აცილებას ცდილობს. სტატიაში ვკითხულობთ იმასაც, რომ „პრო-მოსკოვურმა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ 2028 წლამდე გადადო ევროკავშირში ინტეგრაციის ამბიცია და განუწყვეტლივ ადანაშაულებს ბრიუსელსა და ვაშინგტონს საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრევის მცდელობაში“.
ავტორი ხაზს უსვამს იმას, რომ „ჯაშუშური სკანდალი“ დროში დაემთხვა საქართველოს უსაფრთხოების სექტორში მიმდინარე მნიშვნელოვან საკადრო ცვლილებებს. 21 აპრილს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ სუს-ის ყოფილი უფროსი მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში ახლად შექმნილ სახელმწიფო მინისტრის პოსტზე და ვიცე-პრემიერად დანიშნა, ხოლო სუს-ის მართვა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ გადაიბარა.
ამასთან, ბოლო პერიოდში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს კიდევ რამდენიმე პირი. მათ შორისაა თამაზ გოლოევი, რომელიც, პროსამთავრობო „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებდა.
ასევე დაკავებულები არიან ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე და პრო-რუსი აქტივისტი გულბაათ რცხილაძე. სუს-ის თანახმად, ჩიხლაძე ბრალდებულია ონლაინ პლატფორმის საფარით, უცხო ქვეყნის დავალებით, სადაზვერვო ქსელის მართვაში, ხოლო რცხილაძეს ბრალად ედება ორი უცხო სახელმწიფოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა.
ანტუან იზამბარდი აღნიშნავს, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები მნიშვნელოვანი უკან გადადგმული ნაბიჯია საფრანგეთის დაზვერვისთვის, რომელიც საქართველოს რუსული საფრთხის შესაფასებლად საკვანძო ფორპოსტად განიხილავს. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, პარიზმა თბილისში თავისი წარმომადგენლობა კიდევ უფრო გააძლიერა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ოლივიე კურტო, რომელიც 2025 წლის ზაფხულიდან საქართველოში საფრანგეთის ელჩის თანამდებობას იკავებს, DGSE-ს კონტრტერორიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელია.
